მამუკელაშვილის 28 ქულა G ლიგაში - „ჰერდი“ ერთი ქულით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის პარალელურად 21 იანვარს, გამთენიისას განვითარების ლიგის მატჩებიც გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს.
სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდში „ვისკონსინ ჰერდში“ მორიგი შეხვედრა გამართა და კვლავ მაღალი შედეგით გამოირჩა. 22 წლის მძიმე ფორვარდმა „ლეიქლენდ მეჯიქთან“ წაგებულ შეხვედრაში (109-110) 34 წუთში 28 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 1-დან 1 ერთქულიანი ჩააგდო. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და ამ დროის განმავლობაში არ დაჯარიმებულა.
ამ მარცხის შემდეგ, „ვისკონსინ ჰერდს“ რეგულარულ სეზონზე 4 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა, შემდეგ მატჩს კი 24 იანვარს „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავს.
თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილმაც, რომლის „გრანდ რაპიდს გოლდიც“ „მოტორ სიტი კრუიზს“ შეხვდა და 98:113 დამარცხდა. მამუკელაშვილისგან განსხვავებით, გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა. მან 20 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა. ბეჟანიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, მას ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
„გრანდ რაპიდსი“ ზედიზედ მე-4 შეხვედრაში დამარცხდა. ჯეისონ ტერის გუნდი შემდეგ მატჩში „ინდიანა პეისერსის“ G ლიგის გუნდს, „ფორტ ვეინ მედ ენტსს“ დაუპირისპირდება.