მამუკელაშვილის 2 ქულა და 7 მოხსნა „იუტასთან“ - „ბაქსის“ მესამე მარცხი პრესეზონში [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 2 ქულა და 7 მოხსნა „იუტასთან“ - „ბაქსის“ მესამე მარცხი პრესეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პრესეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ითამაშეს.

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „იუტა ჯაზს“ ეწვია და 120:124 დამარცხდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 16:39 წუთში 2 ქულის, 7 მოხსნის (6 დაცვაში და 1 შეტევაში) და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდროს სროლების მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ, მას თამაშის უფრო უკეთესი შედეგით დასრულება შეეძლო. მან საშუალო დისტანციიდან 5-დან 1 ბურთი ჩააგდო, სამქულიანი კი 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ უშედეგოდ. მამუკელაშვილი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

 

მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა. „იუტამ“ პირველი მეოთხედის 5 ქულით მოგება მოახერხა, „ბაქსმა“ კი დიდ შესვენებამდე ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. მესამე მეოთხედი ფრე დასრულდა, ბოლოს კი ქვინ სნაიდერის გუნდმა 2 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, მეტოქე 4 ქულის სხვაობით დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი კრის მიდლტონი იყო 25 ქულით, იანის ანტეტოკუნმპოს 21 ქულა დაუგროვდა. იუტელების მხრიდან ჯორდან კლარკსონი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 8 მოხსნაა.

თავისი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა, გოგა ბითაძემაც, რომლის „ინდიანა პეისერსმა“ შინ „მემფის გრიზლისი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 109:107 დაამარცხა. ბითაძემ 8:34 წუთი ითამაშა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში დადებითი შედეგი არ ჰქონია. მან თამაშიდან 3-ჯერ ისროლა (2-ჯერ სამქულიანი) და არაზუსტად.

მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსმა“ პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო, შესვენებამდე „მემფისი“ 5 ქულით წინ გავიდა, მაგრამ რიკ კარლაილის გუნდმა სხვაობის შემცირება და წინ გასვლა მოახერხა, გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი ჯერემი ლემბის 3 წამით ადრე ჩაგდებული „გეიმ-ვინერი“ აღმოჩნდა. მატჩში საუკეთესო დომანტას დაბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 24 ქულითა და 13 მოხსნით გაიფორმა, ყველაზე შედეგიანი კი „მემფისის“ სემ მერილი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულაა.

კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი, რომელსაც NBA-ის გუნდში დებიუტი უნდა ჰქონოდა, გიორგი ბეჟანიშვილია. მისი „დენვერ ნაგეტსი“ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 99:108 დამარცხდა, გიორგის კი ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ და მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შემდაეგ შეხვედრებს, შესაბამისად „კლივლენდ კავალიერსისა“ და „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ, 16 ოქტომბერს ჩაატარებენ, რომლებიც გუნდებისთვის რეგულარული სეზონის დაწყებამდე საბოლოო იქნება. ბეჟანიშვილის „დენვერ ნაგეტსი“ კი ხვალ, 15 ოქტომბერს კვლავ „ოკლაჰომას“ შეხვდება.