მამუკელაშვილის 15 ქულა და ორმაგი დუბლი - სანდრომ G ლიგაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის განვითარების ლიგაში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ „კლივლენდ ჩარჯს“ დაუპირისპირდა და 98-82 მოუგო, მაგრამ 23 წლის მძიმე ფორვარდს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდი „ვისკონსინ ჰერდი“, რომელსაც სანდრო მამუკელაშვილი კიდევ ერთი თამაში დაეხმარა, „გრინსბორო სვორმთან“ 108-115 დამარცხდა.
მამუკელაშვილი სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ 29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მან ასევე 1 პასი შეასრულა. სანდრომ 6-დან 3 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა – პირველი ტაიმი „გრინსბოროს“ სამქულიანი უპირატესობით დასრულდა, მესამე მეოთხედი კი 32:32 მორჩა. ბოლო პერიოდში „ჰერდმა“ სასურველი შედეგის მიღება ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში 7 ქულით დამარცხდა.
შემდეგ შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ „ლეიქლენდ მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.