მამუკელაშვილი 2 ქულით დაბრუნდა - „ბაქსი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 8 ნოემბერს გამთენიისას NBA-ის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „მილუოკი ბაქსი“, რომელიც მიმდინარე რეგულარულ სეზონში წაუგებლად ასპარეზობდა,  „ატლანტა ჰოუკსს“ ესტუმრა და პირველად დამარცხდა 98-117.

სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ამ სეზონში პირველი ქულებიც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელს ტვინის შერყევა ჰქონდა, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია.

სანდრომ 6 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულის დაგროვება მოახერხა. მან 1-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 2 სამქულიანიდან ორივე უშედეგოდ ისროლა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკელაშვილს +/- მაჩვენებელი +3 ჰქონდა.

შეხვედრა ვისკონსინელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. „ატლანტამ“ დიდ შესვენებამდე სხვაობის 6 ქულამდე შემცირება მოახერხა. მესამე მეოთხედში ნეიტ მაკმილანის გუნდმა მეტოქე დაჩაგრა და 12 ქულით მოუგო, ბოლო პერიოდში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოო ჯამში „მილუოკი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან დეჟონტე მიურეი იყო, რომელსაც ორმაგი დუბლი 25 ქულითა და 11 პასით ჰქონდა, სამმაგ დუბლამდე კი 2 მოხსნა დააკლდა. „ბაქსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 25 ქულით იანის ანტეტოკუნმპო იყო.

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ 129-122 მოუგო. ქართველ კალათბურთელს კი ამ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა. მაილს ტერნერის დაბრუნების შემდეგ, რიკ კარლაილმა მას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირა.