მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს
მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა სინგაპურის პარლამენტში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრა გამართეს სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სიან კიან პენგთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს დენისე პუასთან.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სინგაპურელ კოლეგებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა.

მხარეებმა განიხილეს სინგაპურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლის შედეგადაც სინგაპურმა უზრუნველყო სწრაფი და ინკლუზიური განვითარება.

სინგაპურის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში.

ეს იყო პირველი შეხვედრა ქართველ და სინგაპურელ პარლამენტარებს შორის. მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, სამომავლოდ გააქტიურონ ძალისხმევა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.