მამუკა მდინარაძე - ზახაროვას განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჰააგაში დავა წააგო
მამუკა მდინარაძე - ზახაროვას განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჰააგაში დავა წააგო

ზახაროვას განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჰააგაში დავა წააგო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, სადაც ზახაროვა ამბობს: „საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა“.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველომ თავისი სწორი, პატრიოტული, სამართლებრივად გამართული პოზიციით მიაღწია იმას, რომ ჰააგაში პროცესი მოიგო.

„ხომ არ იტყოდა, კარგია, ჰააგაში სასამართლო პროცესი რომ წავაგეთო. ეს განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დავა წააგო, იმის მიუხედავად, რომ ქართველებმა, სააკაშვილის მეთაურობით, რეზოლუციის სახით ნაღმები ჩადეს, მაგრამ მცირეოდენი რისკიც კი არ გაგვიწევია და არ ვსაუბრობდით რეზოლუციის იმ ჩანაწერზე, სადაც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა საკუთარ მოქალაქეებს დააბრალეს; ოკუპანტის ნარატივი გაატარეს და საკუთარ ქვეყანას ისე უღალატეს, რომ ნაღმი ჩადეს. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, ომის დაწყება საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალეს და დღეს აქეთ გვედიდგულებიან. ეს ადამიანები არიან რადიკალური ოპოზიციის სათავეში. სინამდვილეში, საქართველომ თავისი სწორი, პატრიოტული, სამართლებრივად გამართული პოზიციით მიაღწია იმას, რომ ჰააგაში პროცესი მოვიგეთ. ეს ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.