მამუკა მდინარაძე - წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება და ამის შესახებ ჩვენს ოპონენტებს ინფორმაცია აქვთ
მამუკა მდინარაძე - წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება და ამის შესახებ ჩვენს ოპონენტებს ინფორმაცია აქვთ

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში წითელი ხაზი ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნებია.

„ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის ან კონსენსუსის მნიშვნელობა გააზრებული არ აქვთ ან არ იციან. ეს შეუძლებელია. როდესაც უკვე კვირების განმავლობაში ვამბობთ, რომ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანი, ჩვენი ამომრჩევლები გვყავს მხედველობაში, ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ჩვენს ოპონენტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ. დანარჩენ საკითხებზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ, დეტალებზე დღეს კონკრეტულ ხელშესახებ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა ვერსიები დევს, რაზეც შეთანხმების თანახმად ვერ საუბრობენ.

„ამ კონკრეტულ საკითხს ოპოზიცია პასუხისმგებლობით ეპყრობა და ისინიც არ ლაპარაკობენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ დეტალების შესახებ ცნობილი გახდება, მერე ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, რადგან ვიმედოვნებ, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ისინი პარლამენტშიც შემოვლენ და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ყველას, ჩვენიც და ოპოზიციის გადაწყვეტილება საერთო, კომპრომისული და ისეთი იქნება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულად პარტიის უპირატესად, არამედ ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. მესამე რაუნდი იქნება თუ არა დღეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ეს დაანონსებული არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.