მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან რაღაც მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით გავიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეულ შეთანხმებას ჩაშლის არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ეს რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ხელისუფლების ოპონენტებს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია აპელირებს, თითქოს შეთანხმება იმაზე შედგა, რომ პოლიტიკოსები მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში ჩაერეოდნენ. მისი თქმით, შეთანხმება საპირისპირო რამეზე შედგა – პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან.
„ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ იმ შეთანხმებიდან გავიდნენ, რომელიც ვითომ, პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. შემდეგ ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებასა და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან რაღაც მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით გავიდეს. ამას ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. თუ მათი მიზანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 70-80 პროცენტი აიღოს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ჩვენ ბოროტად არ გამოვიყენებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.