მამუკა მდინარაძე -  ვინაიდან ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს, ვფიქრობ, ის პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს
მამუკა მდინარაძე - ვინაიდან ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს, ვფიქრობ, ის პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს

ჩვენ რა კითხვებიც გვაქვს გომელაურთან, დაახლოებით პასუხები მიღებულია და ამ ეტაპისათვის სულ მცირე დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა 5 ივლისის მოვლენებზე და განმარტა, რა ნაწილში ჰქონდა კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრთან.

„კიბატონო, დილით 11:00 საათზე, თორმეტის ნახევარზე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, უპრეცედენტო იყო წარმოდგენა, რომ რომ ეგზალტირებული მასა ან კონკრეტული ადამიანები დაერევიან და ჟურნალისტებს ცემას დაუწყებენ, მაგრამ ეს გარკვეული დროის პერიოდში გრძელდებოდა. ვაპირებდი კითხვის დასმას, შემდეგ რატომ ვერ მოხერხდა ლოკალიზება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ქაოტური სიტუაციები იქმნება, ხანდახან კვირების და თვეების განმავლობაში. ჩვენ მის შვილს, არასრულწლოვან ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ მას ჰყავდა ძალიან მაგარი მამა, რომელსაც ჩვენც ძალიან კარგად ვიცნობდით და ამ ადამიანს მივუსამძიმროთ. მას ჰყავდა ძალიან კეთილი, პროფესიონალი, თავისი საქმის კარგი მცოდნე ადამიანი, რომლის გარდაცვალებასაც ჩვენ ყველა დიდი გულის წუხილით შევხვდით. მაგრამ რაღაც ამორალური საქციელები, გულის სიღრმეში ვიღაცებს რომ გაუხარდათ, ეს ხომ იცით რომ მუსირებს თქვენს წრეებში. ამ ადამიანის სახელი, გვარი არ იცოდა ბევრმა და იყო აღშფოთებული გარდაცვალებით, პირდაპირ ისეთ ვერსიას უკავშირებდა ლექსოს გარდაცვალებას, რომელიც თავიდანვე სპეკულაციური იყო, ეს არის ძალიან სამწუხარო. ხომ იცით, ბევრმა პოლიტიკოსმა სახელი და გვარიც არ იცოდა მისი, ეს არის ამორალური და ამაზე ვსაუბრობ და სიღრმეებში აღარ შევალ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ  ვინაიდან საპარლამენტო ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მათთან სასაუბროდ კომუნიკაციის სხვა ფორმა უნდა აირჩიოს.

მდინარაძის თქმით, ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია და საკითხზე გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურმა თავად უნდა მიიღოს.

„ვფიქრობ, რადგან არ სურს საპარლამენტო ოპოზიციას გომელაურის მოსმენა, პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ გამოიყენოს ნებისმიერი სხვა ფორმატი, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ალბათ ვახტანგ გომელაური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს.

„წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც მიზეზიც კი არ იცი გარდაცვალების, გამოძიების შედეგი არ იცი და სიმართლეზე ჩხუბობ, შემდეგ სიმართლეზე „ფეიკებს“ აწყობ, აყალბებ მოცემულობას, შენი ტელევიზიების ეთერში ფეიკნიუსებს დგამ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებითაც კი და ამაზე დაყრდნობით ითხოვ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. როცა შუალედური დასკვნის მიხედით  დღევანდელსა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დასტურდება, ყველამ ყველაფერი იცის და ამ ყველაფერს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვსაუბრობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება არის მორიგი სვლა, მორიგი დესტრუქცია, მორიგი პერფორმანსების საფუძველი, მეტი მიზანი ამას არ აქვს. ამ ხალხს ვიდრე თეორიაში არ წარმოუდგენ ვერსიას, რომლის მიხედვით, ისინი უპირობოდ მოვლენ ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, ხალხი მხარს დაუჭერს თუ  -არა, მანამდე იქნებიან ასეთ ჯანჯღარში, მცდელობებში, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ. ჩვენც და საზოგადოებაც ვალდებულია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.