მამუკა მდინარაძე - ვიდრე რამდენიმე საკითხს არ დავალაგებთ, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ლაპარაკი სპეკულირება იქნება
ვიდრე რამდენიმე საკითხს არ დავალაგებთ, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ლაპარაკი სპეკულირება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოწოდებაზე „ქართული ოცნებისა“ და იუსტიციის საბჭოსადმი, რათა უკან გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე.
„საკითხის ისე დაყენება, რომ იუსტიციის საბჭომ რაიმე მოქმედება შეასრულოს ან არ შეასრულოს ჩვენი მხრიდან არასწორია. ამას არ უნდა აკეთებდეს არცერთი დეპუტატი. მათ აქვთ კონსტიტუციით გაწერილი უფლებამოსილება და ჩვენც გვაქვს კონსტიტუციით გაწერილი ჩვენი უფლებამოსილება. უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში. აუცილებლად გაიმართება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, გაიწეროს თუ არა კონკრეტული კრიტერიუმები. ამისთვის ავიღეთ გარკვეული ვადა საგაზაფხულო სესიამდე. დღევანდელ პირობებში, კანონმდებლობით გაწერილია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს მოსამართლეთა კანდიდატურების წარმოდგენის უფლებამოსილება და ჩვენ გვაქვს მათი არჩევის უფლებამოსილება. უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მისაღებია თუ არა მისთვის მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები.
„არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა. არ მინდა, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ რომელიმე დეპუტატი თავს არიდებს ამ კითხვაზე პასუხია გაცემას. აქ არის ერთი მთავარი მოცემულობა, არ შეიძლება სიაზე ასე საზოგადოდ გასცეს ვინმემ პასუხი, რადგან შეიძლება, რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით მქონდეს ჩემი პოზიცია. მაგრამ ჯერ სხვა საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი, მათ შორის, კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატის განხილვაზე.
ვიდრე ამ საკითხებს არ დავალაგებთ, კანდიდატებთან დაკავშირებით ლაპარაკი სპეკულირება იქნება, რომ მისაღებია ან მიუღებელი. როცა იუსტიციის საბჭო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ტოვებს ამ სიას თუ იქნება კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებს მოარგებს, ამის შემდეგ გადავალთ პერსონებზე მსჯელობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.