მამუკა მდინარაძე - ვეგუებით, რომ საგარეო ფლანგზე ბრძოლის რეჟიმი გვექნება, მთავარია, არ არსებობს საფრთხე, პარტნიორებთან ურთიერთობები გაგვიფუჭდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უცხოეთიდან კრიტიკის მიუხედავად, არ არის საფრთხე, რომ ქვეყანას პარტნიორებთან ურთიერთობები გაუფუჭდეს.
„რაღაც პერიოდის წინ ვნახეთ კრიტიკა, რომელიც არარეალურ ფაქტებზე, არასწორად მიწოდებულ ინფორმაციაზე იყო დაყრდნობილი. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შედგა, ვნახეთ განცხადებები, რომლებიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური და მხარდამჭერი. თუმცა, ამასაც მოყვა არასწორი ინფორმაციები. როგორც ჩანს, ბრძოლის ასეთი რეჟიმი საგარეო ფლანგზე გვექნება, ჩვენ ამას ვეგუებით. მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარია, რომ არანაირი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, რომ ურთიერთობები გაგვიფუჭდეს ამ გამონაკლისი განცხადებების გამო ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი ამოსავალი წერტილი არის მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლავთ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდით. საელჩომ მოგვიწოდა, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ველოდებით მათ შემოერთებას და მათ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც იქნება რაციონალური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევიან“.
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უნდა იყოს გარკვეული პრეტენზიები, ეს პრეტენზიები განიხილება ხოლმე ევროპაში, სტრასბურგში და არა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლო საქმიანობაში, რადგანაც რაღაც პოლიტიკურ პროცესს საჩვენოდ ეს არ აწყობს. ამიტომ, პრეტენზიები უნდა იყოს მიმართული სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ ერთხელ გამოიტანს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას ამ საქმეზეც.
ჩემი გუშინდელი განცხადება ვიღაცებმა თარგმნეს გარკვეულ ცინიზმად, თუმცა არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე ამ თემაზე მეხუმრა. მართლაც, სასამართლო არ უნდა იყოს არც ერთი ხელისუფლების ხელში იარაღად გამოყენებული, თუ მას დემოკრატიაზე რაიმე პრეტენზია აქვს. ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ნამდვილად. სასამართლო გადაწყვეტილებები დაფუძნებული არ არის რაღაც პოლიტიკური მიზნებზე. ხანდახან არის სიტუაცია პირიქით, როდესაც პოლიტიკურად ხელისუფლებას შეიძლება არ აწყობდეს გარკვეული გადაწყვეტილება, მაგრამ იმდენად არ ხდება ჩარევა, რომ ეს გადაწყვეტილება მაინც გამოდის ხოლმე“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.