მამუკა მდინარაძე - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შესახებ გუნდში პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული
იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატთა ვინაობა დღეს გახდა ცნობილი, ჯერჯერობით გუნდში ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოზიცია მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახმოვანდება.
„ახალი კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურები. ეს არის მათი პრეროგატივა, ჩვენი პრეროგატივაა, როდესაც უკვე ბიუროზე დაფიქსირდება ოფიციალურად, მას შემდეგ ვიმსჯელოთ, მივიღოთ გუნდის შიგნით გადაწყვეტილებები და ვუყაროთ კენჭი სესიაზე. იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატთა ვინაობა დღეს გახდა ცნობილი და ჯერჯერობით გუნდში ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, შეუძლებელია პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ. ჯერჯერობით ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე პოზიციის დაფიქსირება იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საკითხები ხმოვანდება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.