მამუკა მდინარაძე - თუ არ იქნება მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი
მამუკა მდინარაძე - თუ არ იქნება მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი

არ არსებობს მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ვიმედოვნებ, ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ არ იქნება მტკიცებულება, გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

„დამატებითი კი არა, ძირითადად არ გვინახავს არცერთი არგუმენტი ან მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს. თავიდან ამას სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ, მათვე განმარტეს, რომ იყო სავიზო შეზღუდვა. არ ვიცი, ეს გარკვეული სვლა თუ იყო ჩვენი მეგობრების მხრიდან, არ მინდა, დამატებითი შეფასება. ამას არა აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმა აქვს ერთ და მეორე შემთხვევაშიც. არცერთი  მტკიცებულება თუ არ იქნება და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ ეს გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება, შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი. ამასთანვეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო. მარტივად ხომ არ არის საკითხი, რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე. კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში, საუბარი იყო ღამის ზარებზეც, თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ და, მეორე მხრივ, ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არცერთი მტკიცებულება, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისათვის, რომელსაც კარგად გათვითცნობიერებული აქვს, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ამ ქვეყნის, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს ჩვენ მტკიცებულების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებასთან.

პარტნიორ ქვეყანასთან მუდმივი კომუნიკაციაა, მუდმივად ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, მსგავსი შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, რადგან ასეთი რაღაც არ მომხდარა აქამდე. თუნდაც სანქცია არ იყოს და იყოს სავიზო შეზღუდვა, ამ შერბილებული პოზიციიდანაც კი არ მოჩანს ეს ყველაფერი კარგად. არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებზეც გავრცელდება.

„ყოველ შემთხვევაში, რისი მოლოდინიც არ გვქონდა ის მოხდა, სამწუხაროდ, მტკიცებულებების გარეშე. ასე ბუნებაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ ობიექტური მოლოდინი ამის არათუ მე, არც თქვენ უნდა გქონდეთ და არ შეიძლება, ეს მოლოდინი არსებობდეს ბუნებაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.