მამუკა მდინარაძე - სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეს წერტილი დაუსვა და კამპანიური ხასიათის სპეკულაციები გააქრო, პარტნიორების შეშფოთებას საფუძველი არ აქვს
მამუკა მდინარაძე - სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეს წერტილი დაუსვა და კამპანიური ხასიათის სპეკულაციები გააქრო, პარტნიორების შეშფოთებას საფუძველი არ აქვს

პარტნიორების შეშფოთება მესმის, თუმცა ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. როგორც ჩანს, ყალბმა ინფორმაციებმა ჩვენს პარტნიორებზე გავლენა მოახდინეს, რაც ძალიან ცუდია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებას, სადაც მეცოლა აღნიშნავს: „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას“.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა და კამპანიური ხასიათის სპეკულაციები გააქრო.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მილიონობით დოლარით დაფინანსებული კამპანია შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მათ შორის, უამრავი ადამიანის მკვლელი სისტემის შემომღები ადამიანიც, მაგრამ მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრებულია, იმდენად სამარცხვინო ფეიკზე დაყრდნობით ცდილობდა, თავი შეეცოდებინა მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის. მესმის ჩვენი პარტნიორების შეშფოთება, თუმცა ამ შეშფოთებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ევროპელი კოლეგების დემარში ვნახეთ. მათი პოზიციის მიმართ პატივისცემას ვაფიქსირებ, მაგრამ თვეების წინ ასეთივე დემარში გვესმოდა სააკაშვილზე და ეს დემარში უსაფუძვლო აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ფეიკნარატივზე და ფეიკინფორმაციებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, მაშინ ამ ყალბმა ინფორმაციებმა ჩვენს პარტნიორებზე გავლენა მოახდინა, რაც ძალიან ცუდია. ვიდრე ასეთი შეშფოთება გამოითქმება, ყველას მეტი დაფიქრება გვმართებს ერთმანეთთან ურთიერთობაში, რომ იგივე არ დაგვემართოს – ტყუილზე დაყრდნობით შეშფოთებული ადამიანები მეტს უნდა ფიქრობდნენ, შემდეგი შეშფოთება ასეთივე ტყუილზე ხომ არ არის დაფუძნებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.