მამუკა მდინარაძე სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, თითქოს იურიდიულმა დეპარტამენტმა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე დასკვნა მოამზადა
მამუკა მდინარაძე სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, თითქოს იურიდიულმა დეპარტამენტმა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე დასკვნა მოამზადა

სპეკულაციური იქნება, თუ ვინმე გაბედავს თქმას, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა რაღაც დასკვნა მოამზადა, რომელიც კონსტიტუციურობას ეხება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იურიდიულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე.წ. გერმანულ მოდელზე მიზანშეწონილად მიაჩნია, კანონპროექტის განხილვის პროცედურა დაიწყოს.

მამუკა მდინარაძის თქმით, საუბარია კანონპროექტის ფორმალურ დასაშვებობაზე.

„აბსოლუტურად სპეკულაციური იქნება, თუ ვინმე გაბედავს ისეთი საოცრების თქმას, რომ პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა რაღაც დასკვნა მოამზადა, რომელიც კონსტიტუციურობას ეხება ან არ ეხება. საუბარია მხოლოდ ფორმალურ დასაშვებობაზე, რაც ხდება ნებისმიერი კანონპროექტის შემთხვევაში, განიხილავს ფორმალურ ტექსტს და მსვლელობას აძლევს კანონპროექტის განხილვას, ბიუროს სხდომაზე შემოაქვს. იმის „გაყიდვა“, რომ კონსტიტუციურობასთან და მის შესაბამისობასთან დაკავშირებით თითქოს გააკეთა რაღაც დასკვნა, სპეკულაციურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.