მამუკა მდინარაძე - შეზღუდვების მოხსნა დადებითობის ოთხპროცენტიან მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რაც არ არის ქართული ნოუჰაუ
შეზღუდვების მოხსნა დადებითობის ოთხპროცენტიან მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რაც არ არის ქართული ნოუჰაუ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული ეპიდვითარებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებში და საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.
მდინარაძის თქმით, საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მონაწილეობისთვის საკანონმდებლო გარანტიების შესაქმნელად, უკვე ინიცირებულია შესაბამისი კანონმდებლობა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება სპეკულაციები, თუმცა ჯანსაღი დისკუსიაც არის იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლუს-მინუსებით, რაც არის ქვეყანაში და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი.
ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი შეზღუდვები საზოგადოების სხვადასხვა ფენისთვის, თუმცა ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი სხვაგვარი ბენეფიტი არა აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეკონომიკას. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სულ რაღაც 1-2 თვის განმავლობაში საქართველოში დღეში გვქონდა ინფიცირების საშუალოდ, ხუთი ათასი შემთხვევა. ამას ჰქონდა უმძიმესი შედეგები. გარდაცვალების მაჩვენებელიც გვახსოვს და ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ურთულესი ხდებოდა, ჯანდაცვის სისტემისათვის გამკლავებოდა ამ მართლაც უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით შევძელით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში გამხდარიყო ისეთი დინამიკის, რომ დღეს გვაქვს დაახლოებით 1 000 შემთხვევა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინდიკატორები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, იყოს გარკვეული დათქმის სახით და დღეს ამასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას. გვქონდა მსჯელობა, რომ მაგალითად უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი „კოვიდ-19“-ზე უ იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ეს მაჩვენებელი 20-25 პროცენტზეც კი იყო ასული ქვეყანაში.
„გარკვეულ შემთხვევებში იყო ისეთი დღეებიც, როდესაც აჭარაში ავიდა 30%-მდე და მეტზე. ამ ინდიკატორზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა-არმოხსნის საკითხის გადაწყვეტა და როგორც კი ბოლო შვიდი დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ. ეს არ არის ვინმეს პრეტენზიაზე, დამოკიდებულია კონკრეტულ მეცნიერულ გათვლებზე. ეს არ არის ქართული რაღაც ნოუჰაუ, ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები აღიარებენ და ევროპელი ეპიდემიოლოგებიც ამ აზრს მიყვებიან, რომ დინამიკაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება გარკვეულ მეცნიერულ დათქმებზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას და არა მხოლოდ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს შეთანხმებულ პარლამენტთან სინქრონებულ ფორმატში და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში არის მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის სასიკეთოდ. ეს არის პრიორიტეტული მიზანი და არავინ უნდა იფიქროს, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორი არ არის გათვალისწინებული.
ეპიდვითარების გაუარესება, თუ ჩვენი ასეთი ჩქარი და ნაადრევი გადაწყვეტილებით დავუშვით, ასევე ძალიან ცუდად იმოქმედებს ეკონომიკურ ფაქტორზე, მოსახლეობისა და მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. ამიტომ ჩვენ თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მომხრეები ვართ. უკვე გითხარით, რომ გარკვეული დათქმა ეპიდემიოლოგების რჩევით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ალბათ უფრო უპრიანი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ცვალებადია, აჭარაში არის ოთხ პროცენტზე დაბალი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი, ხუთიდან რვა პროცენტამდე მერყეობს.