მამუკა მდინარაძე - რაც უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი სისტემის მთავარი შემქმნელი დღევანდელ პენიტენციურ სისტემას იწუნებს
მამუკა მდინარაძე - რაც უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი სისტემის მთავარი შემქმნელი დღევანდელ პენიტენციურ სისტემას იწუნებს

საბედნიეროდ, დღევანდელი პენიტენციური სისტემა არათუ სჯობს 2012 წლამდე მიშას პენიტენციურ სისტემას, არამედ ეს არის რადიკალური განსხვავება – როგორც შავსა და თეთრს, ცასა და დედამიწას შორის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ასეთი განსხვავებაა საბედნიეროდ და ჩვენ პატიმრებს ვეპყრობით ღირსეულად, ისევე, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, და შესაბამისი პირობებიც არსებობს. ახლა ამის მეორე მხარე – იმ პენიტენციური სისტემის შემქმნელები, დღეს რაღაცებს გვიწუნებენ. რაც უნდა სასაცილო და პარადოქსული იყოს, მაშინდელი სისტემის მთავარი შემქმნელი დღევანდელ სისტემას უწუნებს რაღაცებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია, დღევანდელ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის – მიხეილ სააკაშვილს.

„ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაგიდაზე გადასკოჩილი ბიჭების გაუპატიურების ავტორები და შემკვეთები ძალადობასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. „ფეიკები“ იდგმება, რათა ცოტა მაინც გაანეიტრალონ ეს კონტრასტი, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ დღევანდელ სისტემაში ვინმეს რაიმე საფრთხე დაემუქროს, მათ შორის ამ სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასეთი საფრთხეები ბუნებაში არ არსებობს. რეალურად, არსებობს „ფეიკი“, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებისთანავე. წინა დღეს კიდევ უფრო მძიმე იქნება სიტუაცია, რადგან თავის მხარდამჭერებში მუხტი აწიონ. უდიდეს შეურაცხყოფას იმ ხალხს აყენებენ, რადგან უპირველესად, მათ ატყუებენ, აჯერებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს და ეს ტყუილი არ გავა, წარმოუდგენელია.

ვიცით, რომ სააკაშვილს, მის მომხრეებს, მიშისტებს, „ნაცმოძრაობა“ აღარ ჰქვია. მათ ჰქვიათ მიშისტები, განსაკუთრებით იმ ლიდერებს, რომლებიც მის ნარატივზე სხედან და იქიდან ამბები, დავალებები გამოაქვთ. ამ დავალებების შესაბამისად, მათი ტელევიზიებიც, ლიდერებიც მოქმედებენ. ძალადობენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ინფორმაციული თვალსაზრისით ადამიანებზე, და ამძაფრებენ სიტუაციას, რომ მათი მოლოდინით ეს სიმძაფრე მაქსიმუმს მიაღწევს არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ტყუილი არ გავა, როგორც წინა შემთხვევებში არ გავიდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.