მამუკა მდინარაძე - საუბარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია იმაზე, რომ ვიღაცამ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოდან უნდა გაიწვიოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მმართველ გუნდის მიერ სავარაუდო დაკვეთასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სპეკულაციურს უწოდებს.
„ჩვენი საქმე არ არის, არ არის ჩვენი დისკრეცია. საუბარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია იმაზე, რომ ვიღაცამ ანა დოლიძე საბჭოდან უნდა გაიწვიოს“, – აცხადებს მდინარაძე.
მისი შეფასებით, ანა დოლიძეს გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესები აქვს სამომავლოდ.
„ნუ მივცემთ მას თავის ზედმეტად წარმოჩინების საფუძველს რაღაც არარეალური საკითხების ფონზე. მაგრამ დღეს იმაზე ლაპარაკი რომ შეუთავსებელია, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური გარემოებები შეიძლება ამაზე მიგვანიშნებდეს, ჩემი აზრით არის ზედმეტი და მის პოპულარიზაციას ემსახურება“, – განაცხადა მდინარაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც ცნობილია, მიმართვას ხელს საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი აწერს.