მამუკა მდინარაძე - ისეთი პოლიციელები არ გვყავს, რომლებსაც ბოკერია და მსგავსი გაცვეთილი „კმარელები" უნდა ემუქრებოდნენ
მამუკა მდინარაძე - ისეთი პოლიციელები არ გვყავს, რომლებსაც ბოკერია და მსგავსი გაცვეთილი „კმარელები" უნდა ემუქრებოდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„ოპოზიცია ბევრჯერ ეცადა და იმ შერკინებაში იმდენჯერ წააგეს, სადაც „ქარიშხალი ჭიქაში“ ძალით გააჩინეს. თავად აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რაც ჩიხურ სიტუაციას ქმნის, 77 მანდატი უდრის 150 მანდატს, ასეთ არითმეტიკამდე და ულოგიკობამდე მოვიდნენ. სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს, იყვნენ ამ ჩიხში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო, გარკვეული უხერხულობა იქმნება, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას საფრთხეს ვერ შეუქმნიან.

ამიტომ, მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მუქარის მიუხედავად, სამართალდამცველები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ.

„გარკვეული უხერხული მომენტები იქმნება, მაგრამ უხერხულობის ეს ხარისხი ნამცეცია იმასთან, თუ ჩვენ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ფუნქციონიერებას საფრთხეს შევუქმნით.სამართალდამცავები თავის საქმეს გააკეთებენ და ამაზე არ იმოქმედებს ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებები, არც პოლიციის მიმართ გიგა ბოკერიას მუქარა. ძალიან ცუდი კადრები ვნახეთ, აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის რეაქცია პოლიციელის პრინციპულ, ძლიერ და ჰუმანურ მოქმედებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა ეს ვერ აიტანეს, პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ და პოლიციელს უთხრეს, რომ დაიმახსოვრებენ. რაც არ უნდა დაიმახსოვრონ, საქართველოში ის დრო არასოდეს დადგება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დანაყოფების გადასაწყვეტი იქნება რომელიმე საკითხი. ისეთი პოლიციელები არ გვყავს, რომლებსაც ბოკერია და მსგავსი გაცვეთილი „კმარელები“ უნდა ემუქრებოდნენ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.