მამუკა მდინარაძე - საქართველოს პარლამენტი მიიღებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან
მამუკა მდინარაძე - საქართველოს პარლამენტი მიიღებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან

საქართველოს პარლამენტი მიიღებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა მხარის წინადადებები მოისმინეს, თუმცა ზოგიერთის გათვალისწინება ვერ მოხერხდა.

„ყველას წინადადებები მოვისმინეთ, ნაწილი გავიზიარეთ, ნაწილი არ გავიზიარეთ, რადგან ისინი ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო, თუმცა ასევე მიგვაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, სადაც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან, ასევე უნდა გამოვდიოდეთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან. მათი უფლებების დაცვის ინტერესებიდან, მათი სუვერენიტეტის დაცვის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, უნდა იყოს შეჯერებული ისეთი ტექსტი რეზოლუციისა, რომელსაც საბოლოო ჯამში საქართველოს პარლამენტი მიიღებს, რომელიც აქვე დავძენ, რომ დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან, ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. ეს არის საკითხი, რაზეც ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შევჯერებულიყავით და ყველა მხარის პოზიცია დაახლოებულიყო. იმის გამო, რომ სამწუხაროდ მხარეთა პოზიციების ამგვარად შეჯერება ვერ მოხერხდა, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქცია და ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო კომიტეტიდან დააინიცირებენ ტექსტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ძირითადი ნაწილი გააცნო.

„საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიაგდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დიმპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავის წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

ეს არის რეზოლუციის ის ტექსტი, რომელიც დაინიცირდება ძალიან მალე, დღის ბოლომდე და რასაც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.