მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ოპოზიციისგან არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვახსოვს
სამწუხაროდ, ოპოზიციისგან არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვახსოვს, – განაცხადა ოპოზიციასთან დიალოგზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მმართველი პარტიის მხრიდან არსებობდეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე უმეტესად პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. მათ უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის, პოლარიზაციის დასრულებისა და დემოკრატიული რეფორმების გზით ძალაუფლების განაწილების კუთხით. მნიშვნელოვანია, ასევე ოპოზიციამ არ თქვას უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დიალოგისკენ გადადგამს კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიალოგისკენ მოწოდება არ არის მათი ნოუ ჰაუ. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვერსად წაუვა. თუ ვინმე მოიხსენიებს ექვსპუნქტიან კომპილაციურ დოკუმენტს შეთანხმებად ან გეგმად, ეს არის არასწორი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ოპოზიციის ყველა სუბიექტისგან ამოღებული მოთხოვნების ნუსხა, რომელზეც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ – ნაწილზე მუშაობა მიდის და პრაქტიკულად შესრულება, ნაწილზე საუბარიც კი შეუძლებელია, რომლის არგუმენტებიც არაერთხელ წარმოვადგინეთ.
ჩვენი კომპრომისების მიუხედავად, ოპოზიციისგან ჯერ სამწუხაროდ არც ერთი კომპრომისული წინადადება არ გვახსოვს. როცა საუბარია პოტენციურ რიგგარეშე არჩევნებზე კომპილაციურ დოკუმენტში, ეს არის მათგან წარმოდგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტის გარეშე შეუძლებელია.
თუ ერთპროცენტიანი გადაცდომა იქნება კომისიის მიერ დადგენილი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს რეალიზებული მოთხოვნა იქნება. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ საფუძველი არ აინტერესებს და უნდათ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, ჩვენი პასუხია არა. ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი პასუხია მკაფიო, სხვა შემთხვევაში, ვიღაცის ახირების გამო ასეთი საკითხები არ წყდება. სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც კი არ წყდება ახირების გამო რაღაც საკითხები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.