მამუკა მდინარაძე - როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე იბარებს
მამუკა მდინარაძე - როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე იბარებს

ალბათ თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ, როგორც არ უნდა უარყოფითი განწყობა გქონდეს შენი ქვეყნის, მისი ლიდერის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყანას არ უნდა აკადროს ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და არცერთმა მოქალაქემ, რომ შენი ქვეყნის ლიდერი სადმე დაიბარეს.

„ეს აკადრეს მათ პარტიულ ლიდერებს, მაშინ მართლა იბარებდნენ და ამ ძველი ნაკადრებიდან გამომდინარე, დღესაც იმავე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ლაპარაკობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც ამავე აზრზე ვარ. რაც შეეხება თავად შეხვედრას, ვთქვათ სიმართლე, თუ ობიექტური, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუ უნდათ მოგვცემენ ამ სტატუსს, რადგან, როცა მოუნდათ სტატუსი მისცეს ესენგე-ში მყოფ ქვეყანას, თუ მოუნდებათ, ჩვენც თავისუფლად მოგვცემენ. ამის საფუძველი აქვთ საკმარისზე მეტი. თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა, მსგავსი რეკომენდაცია კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მაინც არ მოგვცემენ. ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამ ქვეყნის დასჯას თუ ვიღაც მოინდომებს იმისთვის, რომ სანქციებს არ უერთდება, თავის მოქალაქეებს უფრთხილდება, ომში არ ერთვება, პირველ რიგში, ქვეყნის და ხალხის ფიზიკურ გადარჩენაზე, ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობს, შეუძლიათ ეს დასჯა, თუმცა რთული იქნება, რადგან მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. მაინც მგონია, რომ ასე მარტივი არ არის ერთხელ და მეორედ კიდევ გააკეთო ისე, რომ ესენგე-ში მყოფი ქვეყანა დააყენო უფრო წინ. არაფერს ვერჩი,  ჩვენი მეგობრები არიან და ძალიან კარგი, რომ მათაც მისცეს ეს შანსი, მაგრამ საქართველო ამ შანსს ყველაზე მეტად იმსახურებს. აქედან გამომდინარე, საქართველო საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ ხალხზე ფიქრის გამო არ უნდა დაისაჯოს. ობიექტური გადაწყვეტილება თუ იქნება, ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მდინარაძემ.