მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ექიმებში არ იძებნება ადამიანი, რომელიც ბოლომდე ყველაფერს კადრულობს, „ემპათიის“ ხელმძღვანელებმაც ვერ იკადრეს, რაც მათ აწყობდათ, ვერ წერენ დიაგნოზს, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს
მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ექიმებში არ იძებნება ადამიანი, რომელიც ბოლომდე ყველაფერს კადრულობს, „ემპათიის“ ხელმძღვანელებმაც ვერ იკადრეს, რაც მათ აწყობდათ, ვერ წერენ დიაგნოზს, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს

ღირსება არის ადამიანის შეუვალი და აბსოლუტური უფლება, ვინც არ უნდა იყოს და როგორი სისტემის შემქმნელიც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ზუსტად იმ სიტუაციაში, როგორ ეპყრობოდა სააკაშვილი პატიმრებს, ამის მიუხედავად, ღირსება არის ადამიანის უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, არაფრის გამო. მეორე მხრივ, როდესაც საუბარია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ეს ყველაფერი, რაც სიტყვა-სიტყვით იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ განმარტებული, ასევეა უზრუნველყოფილი. ერთადერთი, შეიძლება, მინიშნებით არ დავეთანხმოთ კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით. ჩვენი მეგობრების მინიშნება მგონია, რომ მთლად ბოლომდე რელევანტური ვერ უნდა იყოს ერთი უმარტივესი მიზეზის გამო. აქ არის მთავარი ამბავი, რამდენად ობიექტურია ეს კონსილიუმი ან რას წერს. კი ბატონო, ვთქვათ, გავითვალისწინეთ ბოლომდე და არ გავაკრიტიკეთ, მაგრამ რა დასკვნა დაწერეს, ვინმემ ვიცით? ერთი სიტყვით ვინმეს შეუძლია, დიაგნოზი თქვას?“ – განაცხადა მდინარაძემ.

ამ განცხადებით მამუკა მდინარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ გაიგო მმართველმა გუნდმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დღევანდელი გზავნილი, რომ „საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ“.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიდის ობიექტური სამედიცინო ექსპერტის დასკვნამდე და იქამდე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ობიექტური დასკვნის საფუძველზე სასამართლო, პოლიტიკოსები კი არც მოსამართლის კომპეტენციაში არ უნდა შევიდნენ და არც ექიმების.

„როგორც კი გაჩნდა სააკაშვილისთვის „საფრთხე“, რომ ობიექტურად რაღაც შეიძლება, დაიწეროს, იმ წუთასვე ამბობს უარს. ჩვენ ვხედავთ უმძიმეს სიმულაციას, რაც კი შეიძლება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩვეულებრივმა ადამიანებმა დავინახოთ. ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება, მართლაც ჰქონდეს და ამის უზრუნველყოფასაც თვითონ ეწეოდეს რაღაც რისკის ზღვარზე. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ და დიდი შანსია, ასე ხდებოდეს. დარწმუნებული ვარ, გეგმა „ბ“ ეს ჰქონდა. საქართველოში ჩამოდიოდა კონკრეტული მიზნით, რომ უნდა აერია. თუ ვერ არევდა, ადამიანი რომ კონტეინერით შემოიპარები და იმთავითვე უკანონობას ჩადიხარ, სხვა დანაშაულებში საერთოდ რომ არ მიგიძღოდეს ბრალი, თვითონ საზღვრის ასე კვეთა ხომ უკანონოა და სხვა რაღაცებისთვისაც იცი, მაგრამ ისიც ხომ იცი, რომ, მინიმუმ, ამისთვის შეიძლება, დაგიჭირონ? ამხელა რისკზე რომ მიდიხარ, გეგმა „ბ“ ყოველთვის გათვალისწინებული გაქვს, ხომ? გეგმა „ბ“ იყო ის, რომ თურმე ახლო პერიოდში, წამოსვლამდე გაუკეთებია ამ კაცს კუჭის რეზექცია, რასაც ვერავინ უარყოფს და უნდა სიმულაცია მოეხდინა იმგვარი, როგორიც მოახდინა“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კადრების გასაჯაროების უპირატესი მიზანი იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

„მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ლობისტების მეშვეობით ატყუებდნენ, რომ ეს ადამიანი არის მომაკვდავი, რომ თვეების განმავლობაში ყოველდღე უმძიმდება მდგომარეობა, რომ იმდენად მძიმეა, ვეღარ ინძრევა და ა.შ. მაგალითად, 4 ოქტომბერს, როდესაც ეს ადამიანი კვდებოდა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება შეყარეს, ქართველ დეპუტატებს დერეფნებში დასდევდნენ და პასუხს სთხოვდნენ, რომ იმ საღამოს უკვე რაღაც ხდებოდა და გამორიცხული იყო, სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო, ამ დროს თურმე ეს ადამიანი თავში საგნებს ესროდა მედპერსონალს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

აქვე, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარიას მიერ მოწვეულ კონსილიუმთან, ქვეყნის პარტნიორებთან და სხვებთან, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აქვს ობიექტური კითხვა, რატომ ვერ ამჩნევენ ისინი იმას, რაც საზოგადოებამ ტელევიზიებით საკუთარი თვალით ნახა.

„ეს კითხვა პასუხია ყველაფერზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ექიმებში არ იძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს.

„როგორც ჩანს, ექიმებში არ იძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც კადრულობს ბოლომდე ყველაფერს. ეს ფაქტია. „ემპათიის“ ხელმძღვანელები პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც მათ აწყობდათ, ეს ბოლომდე მათაც კი ვერ იკადრეს. ბოლოს ხომ მივდივართ დიაგნოზამდე, რომელიც უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული გათავისუფლების საფუძველი, ასეთ დიაგნოზს ვერ წერენ“, – განაცხადა მდინარაძემ.