მამუკა მდინარაძე - როდესაც „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებს და არ იარსებებენ პარტიული ტელევიზიები, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი
როდესაც „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებს და არ იარსებებენ პარტიული ტელევიზიები, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები, გასაგებია ტენდენციური მიდგომა.
„ასევე, მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ალბათ ძალიან ახლოს არის ყველა დეპუტატთან – მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, ოპერატორებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას. მათ იციან თავისუფლების ხარისხი რამდენად იყო შეზღუდული 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე მათი თავისუფლების ხარისხი. ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ, მაგრამ რადგან „ნაცმოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში, გპირდებით, რომ ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მცირე ნაწილს, მაგრამ მაინც ნაწილი, იქნება იძულებული, მაგალითად გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის.
ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტები. პერსონალური პატივისცემის ფარგლებში იმასაც გეტყვით, რომ როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები, გასაგებია მიდგომები, გასაგებია ტენდენციური მიდგომა. შეიძლება დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი – როდესაც რესპონდენტი დგას, არსად არ მიდის, ბოლომდე ამომწურავად პასუხობს და როგორც კი კითხვებს და პასუხებს ამოწურავს, მიდის ორი მეტრის იქით, იძულებული რომ ხდები, გაეკიდო. აი, ეს იძულებაც არ გექნებათ. დარწმუნებული ვარ, მაშინ როდესაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ტელევიზიები არ იარსებებენ – იმიტომ კი არა, ტელევიზიები და მედიასაშუალებები არ იარსებებენ, არამედ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იარსებებს და ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. თუ ისინი აკეთებდნენ და ახორციელებდნენ ბულინგს წლების განმავლობაში, ისინი ამას აგრძელებენ დღესაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების ხარისხი თქვენიდან დაწყებული კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყანაში“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ დღეებში გამოჩნდა პოლიციის მოქმედებებში, რომ შეიძლება, იყო ძლიერი და ამავდროულად, ჰუმანური. მისი თქმით, ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავისი მოქმედებებით.