მამუკა მდინარაძე - რატომ ხდება, როდესაც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაშია ქართული რადიკალური ოპოზიცია, მაშინ ხდება მაშველი რგოლი ოკუპანტი ძალის რომელიმე წარმომადგენელი
მამუკა მდინარაძე - რატომ ხდება, როდესაც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაშია ქართული რადიკალური ოპოზიცია, მაშინ ხდება მაშველი რგოლი ოკუპანტი ძალის რომელიმე წარმომადგენელი

რატომ ხდება ისე, რასაც ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოკუპანტი სახელმწიფოს განცხადებები ხშირად ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს.

„ოკუპაციური ძალის ასეთი განცხადებები, საქართველოში რომელი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინ იყენებს ამას? ასევე, რატომ ემთხვევა ყოველთვის ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციებს?! რატომ ხდება, რომ როდესაც ყველაზე ჩიხურ სიტუაციაშია ქართული რადიკალური ოპოზიცია, მაშინ ხდება-ხოლმე მაშველი რგოლი ოკუპანტი ძალის რომელიმე წარმომადგენელი, მაგალითად გავრილოვი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ 2-3 ტელევიზია წერდა და ხვალ, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ეს ევროკავშირის მედიაციის შედეგია, რატომ ხდება, რომ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების გამოქვეყნება, რომელსაც ასე „წარმატებით“ იყენებს ოპოზიცია საქართველოში. რატომ ხდება ისე, რომ ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა მაინც და მაინც ამ დროს ემთხვევა?! ასევე, რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა. არავინ ამბობს თანამედროვე სამყაროში, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია დასავლურ სტანდარტებსა და აშშ-ს განწყობებს დაშორდა. ამას ლაპარაკობენ ოკუპანტები და ამას ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ არაერთი ლიდერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.