მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია უკვე საზოგადოების მიერ არის მხილებული, რომ საბოტაჟს უცხადებენ რეკომენდაციების შესრულებას, რაც მათ სახეს წარმოაჩენს
მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიცია უკვე საზოგადოების მიერ არის მხილებული, რომ საბოტაჟს უცხადებენ რეკომენდაციების შესრულებას, რაც მათ სახეს წარმოაჩენს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია უკვე საზოგადოების მიერ არის მხილებული იმაში, რომ ხელს უშლიან ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას და საბოტაჟს უცხადებენ მას.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ერთი პერიოდი სცადა, ვითომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად რაღაც პარალელური მოქმედებები ჩაეტარებინა. პარალელური პროცესები, რომლებიც თითქოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შეეხებოდა, თუმცა მათ ეს ვერც პიარულად შეფუთეს. ერთი პერიოდი ვითომ მათი ძლიერი მხარე იყო პიარი, თუმცა აქაც ძალიან დიდი კრახი განიცადეს. წარმოუდგენელია საბოტაჟის შექმნა და საზოგადოების წინაშე ისე წარმოჩენა, თითქოს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით ზრუნვაა. ისინი დღესაც არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ უკვე საზოგადოების მიერ არიან მხილებული იმაში, რომ რეალურად, ხელს უშლიან და საბოტაჟს უცხადებენ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას. მგონი, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანას ვერ დააზიანებს – წარუმატებელი მცდელობა იქნება, თუმცა მათ სახეს მართლა წარმოაჩენს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში შიდაბრძოლა მიმდინარეობს.

„ამ ყველაფერს ორი მიმართულება აქვს. ერთი, საზოგადოებაში რამენაირად დაიჭირონ ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ. მათი რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული. საბოლოო ჯამში, რადიკალურ ნიშაზე ებრძვიან ერთმანეთს. ახლა სამეული ცდილობს, „ნაცმოძრაობაზე“ უფრო რადიკალური იყოს. მეორე მხრივ, იბრძვიან, მათ რიგებში წამოწეული ოლიგარქების ფულს ვინ დახარჯავს ამისთვის. მათ ერთმანეთში ბრძოლა აქვთ, ერთი მხრივ, რადიკალიზმზე და ვინ დახარჯავს ოლიგარქების ფულს. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, აზიანებენ ქვეყანას, მის საგარეო იმიჯს. ეს არის შიდაბრძოლა რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.