მამუკა მდინარაძე - რაც შეიძლება „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის, რატომ უნდა გვმართოს ჩვენ აგენტურამ?
მამუკა მდინარაძე - რაც შეიძლება „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის, რატომ უნდა გვმართოს ჩვენ აგენტურამ?

ის, რაც შეიძლება „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, არ შეიძლება საქართველოსთვის – ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა თავად არიან დაინტერესებული არასამთავრობოების გამჭვირვალობით“.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო დადგა იმ დონეზე, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ.

„ჩვენ როცა ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ეს ჩვენთვის არ შეიძლება, რადგან ჩვენ აგენტებმა უნდა გვმართონ, ეს არის მათი მიზანი. როდესაც თავად იღებენ, მაშინ გამჭვირვალობა კარგია. აშშ-ში რაღაც არის კარგი, ის ავტომატურად, სარკისებურად საქართველოში არის ცუდი, რადგან აშშ-ში მის ხელისუფლებას, ხელისუფალს ბუნებრივად აქვს ინტერესი, რომ თავისი ქვეყნის მართვაში ერთი ადამიანიც კი ვერ ჩაერიოს გარედან, ვერავინ უნდა გაბედოს. ეს სწორი დამოკიდებულებაა, მაგრამ რატომ უნდა გვმართოს ჩვენ რომელიღაც აგენტმა, რომელიც ყოველთვიურად, ასევე სხვა ინტენსივობით იღებს გარკვეულ თანხებს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხელმოწერილიც აქვს რაღაც ვალდებულებები? რატომ არ უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ადამიანმა, ადამიანთა ჯგუფმა, პარტიამ და რატომ უნდა გვმართოს ვიღაცის ხელდასმულმა აგენტურამ? თუ ამერიკაში კარგია, თუ ევროპაში კარგია, ცუდი როგორ არის საქართველოში? ჩვენ გვიყურებენ როგორც პატარა, დაბალ ღობეს და ასე არ შევახედებთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს უკვე იმის ძალა, რომ ვთქვათ, რაც უნდა მოიტყუონ, ისპეკულირონ, რაც უნდა უტოპია შესთავაზონ ე.წ. ლოგიკის სახით საზოგადოებას, საქართველო დადგა იმ დონეზე, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების და თავად ქართველი ხალხის მიერ. აღარ მოხდება. მარტო ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, ვეღარავინ ვერასდროს მართოს ეს ქვეყანა გარედან, ქართველი ხალხის და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ აქ, ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.