მამუკა მდინარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ შიგნიდან განკურნებისა და გაჯანსაღების შანსი ყველა სისტემას მისცა
„ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად არ მოქცეულიყო და პროცესები ქირურგიული ჩარევებით არ ემართა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იმ მოსამართლეთა შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ.
მისი თქმით, შიგნიდან განკურნებისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა ყველა სისტემას მიეცა.
„2012 წლამდე გვქონდა სისტემა, რომელიც დანაშაულებრივი იყო როგორც პოლიტიკური, ისე რეალური და პრაქტიკული შეფასებით. ამ დანაშაულებრივი სისტემის წიაღში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა. ეს იყო მოცემულობა, რომელსაც ვერსად გავექცევით. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად არ მოქცეულიყო და პროცესები ქირურგიული ჩარევებით არ ემართა, ყველა სისტემისთვის მიეცა შიგნით განკურნებისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა. ნებისმიერი განმარტება, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, არ შეიძლება სხვაგვარად ინტერპრეტირებული იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.