მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება და ყველაფერს საზოგადოება პირდაპირ ეთერში გაიგებს
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება და ყველაფერს საზოგადოება პირდაპირ ეთერში გაიგებს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხვალინდელ ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს.

400 დელეგატისგან შემდგარი პარტიის ყრილობა ხვალ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტიკური საბჭოს 15-დან 21 წევრამდე გაზრდას უყრის კენჭს. პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ხოლო, რა ცვლილებები იქნება პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, „ქართულ ოცნებაში“ ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ საკითხთან დაკავშირებით, უქმდება თუ არა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებება. ის ამ ინფორმაციას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება.

„ბუნებრივია, ეს თანამდებობა არ უქმდება. თანამდებობა კახა კალაძეს უჭირავს და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„მეც დავიცავ შეთანხმებას და წინასწარ არ ვისაუბრებ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. ბუნებრივია, რაღაც განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. ყველაფერს პირდაპირ ეთერში გაიგებს საზოგადოება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ გამორიცხა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, პარტიაში შიდა დაპირისპირებისა და უთანხმოების შესახებ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.