მამუკა მდინარაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებაზე პრინციპული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, ამ საქმეს ბოლომდე  მივიყვანთ
მამუკა მდინარაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებაზე პრინციპული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება იძლევა საშუალებას, რეფორმები ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით განახორციელონ.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მდინარაძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

როგორც მდინარაძე ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ დასახელებულ მიმართულებაზე დეტალური განხილვა და დისკუსია მეორე მოსმენის დროს წარიმართება.

„პირველი – 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მეორე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არარსებულ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი. მესამე – ჩვენ ამ შეთანხმების ანულირება გვაძლევს საშუალებას, გამოვიდეთ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან. მეოთხე – ჩვენ არ ვაპირებთ რეფორმების გზიდან გადავუხვიოთ და თუ იმ შეთანხმებაში ისეთი რამეა მოხვედრილი, რაც იმავდროულად წარმოადგენს რეფორმას და თან არის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. შემდეგი პუნქტი არის ის, რომ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. დანარჩენზე დეტალური განსჯა, კამათი, დისკუსია იქნება მეორე მოსმენის დროს და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, ბარიერის თვისებრივად შემცირებასთან დაკავშირებით, და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 7 სექტემბერს პირველი მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.