მამუკა მდინარაძე - პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა
მამუკა მდინარაძე - პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პროკურატურა საკუთარ ქმედებებში თანმიმდევრულია.

„პროკურატურამ, თავისი გადაწყვეტილებით, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ბრალდებულის პატიმრობა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან. აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურატურას სხვა გზა ვერ ექნებოდა გარდა იმისა, რომ სასამართლოსგან მოეთხოვა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. პროკურატურის მიზანი იყო კონკრეტული ბრალდებულის და მისი ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა – მისი პატიმრობა. საქართველოს პროკურატურამ თქვა, რომ თუ ბრალდებული გირაოს პირობებს შეასრულებს, ის მზად არის შეუცვალოს მძიმე აღკვეთის ღონისძიება მსუბუქით, ანუ პროკურატურა თავის მოქმედებებში თანმიმდევრულია. პროკურატურამ პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვა, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობის შესრულებაზე. პროკურატურა დღესაც იმავეს ამბობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას საქმეზე საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

„როდესაც სასამართლოში პირველად წარადგინეს კონკრეტული ბრალდებული და შეუფარდეს რაღაც აღკვეთის ღონისძიება, ეს სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება, მაგრამ როდესაც მიმდინარე საქმეა, რომელიც სასამართლოში განიხილება, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება განაჩენთან ერთად საჩივრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა სააპელაციო სასმართლოში გასაჩივრების წესი დარღვეულია, რადგან ამას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მელიას აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველზე კი ვერ შეეცვლება, არამედ პროკურატურა თავად ამბობს, რომ თუ მელია პირობის შესრულებაზე დღესაც კი თანახმაა და გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს სასმართლოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.