მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის მხრიდან, თავისივე თქმითა და აღიარებით, უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი არის ერთადერთი, სამწუხაროდ, საჭირო გახდა, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებების, მათი გამიჯვნისა და კომპეტენციების შესახებ განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან, თავისივე თქმით, თავისივე აღიარებით, უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია; ეს, სამწუხაროდ, ასევე იყო არა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, რაზეც მან ისაუბრა, არამედ სხვა შემთხვევაშიც, რაზეც ასევე ჩვენ ვისაუბრეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე გამართა ვიზიტი და ეს არის დარღვევა.
„ინფორმაცია გვქონდა, რომ პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე განახორციელა კონკრეტული ვიზიტი, რამდენად კარგი იყო ან ცუდი, ამაში არ შევიდეთ. თანხმობის გარეშე განახორციელა ვიზიტი, ეს არის დარღვევა. ჩვენ გავიგეთ პრემიერისგან, რომ წერილობითი უარი ჰქონდა იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, საგარეო სფეროში განახორციელოს აღსრულება ქვეყნის პოლიტიკის. ამის მიუხედავად, მან წინასწარ არ შეატყობინა, ისე დაგეგმა ვიზიტი. უფრო მეტიც, მისი წარმომადგენელი მიწვეული იქნა სპეციალურ სხდომაზე, მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე, ოპერატიულ თათბირზე, განემარტა გარკვეული რისკების შესახებ და იმის შესახებაც, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე ვიზიტების დაგეგმვა პრეზიდენტს არ შეუძლია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მან მაინც განახორციელა ვიზიტი. ბიუროს სხდომაზე, როდესაც ჩვენ გვამუნათებდნენ, რომ პრეზიდენტი უნდა მოსულიყო დაჩქარებული წესით და მოეთხრო, რა ხდებოდა მისი ვიზიტების დროს, გუშინ ვნახეთ, ერთი სიტყვაც არ თქმულა ამაზე, ეს უკვე სულ მცირე ალოგიკურია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს რიგი პოლიტიკოსები უკრაინას იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ პიარული მიზნებისთვის, მაგრამ ისე ჩანს, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
„ახლა უკრაინის თემა არის ყველაზე ემოციური, ყველაზე ცუდად ნათქვამია, მაგრამ მათი მხრიდან დანახულს ვამბობ, პოპულარული. ამის გამოყენება ამ მიზნებისთვის, არის ცუდი. ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, პოპულისტური ხომ არ იყო ეს ნაბიჯები, როდესაც მომგებიანი თემაა მათი გადმოსახედიდან, ვინც ამას აკეთებს, ეს პრეზიდენტი იქნება, თუ სხვა პოლიტიკოსი, მათი აზრით, მომგებიანი თემაა. უკრაინის საკითხებზე წავედი, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო ამის, ამით ხომ უნდა გავაკეთოთ ანალიზი. შეხვდა მაღალი თანამდებობის რანგის პირებს, ეს ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვიზუალურად და შედეგი რა მივიღეთ, გუშინ ერთი სიტყვა რომელიმე თქვენგანმა ამ შეხვედრების შედეგის შესახებ მოისმინეთ? ძალიან გთხოვთ, შემახსენოთ, გუშინ რა მოისმინეთ ამ შეხვედრებიდან. კონკრეტული შედეგი რამე იცით?
როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ბიუროს სხდომაზე მოსული და გვეუბნებოდა, რომ ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა მოხსენება, ერთი სიტყვა ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, გარდა ზოგადი ფრაზისა? შესაბამისად, რისკებს, საგარეო პოლიტიკას, კონკრეტულ მიმართულებებს, განსაზღრავს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ამის აღსრულებას, ანუ პასუხისმგებელია მთავრობა. პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება, პრეზიდენტს აქვს ბევრი სიმბოლური კომპეტენცია, ცერემონიული კომპეტენციებიც მათ შორის და არის ერთადერთი გამონაკლისის დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თანხმობით. მაშინ, როდესაც თანხმობა მთავრობის არ იყო, ამაზე დღეს მოვისმინეთ პრემიერის განმარტებაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომ არ იცოდა მთავრობამ, რა კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულად რა გადაწყვეტილებით, გეგმით მიდიოდა პრეზიდენტი, მან პასუხისმგებელი მთავრობა არ ჩააყენა საქმის კურსში, ისე დაგეგმა ვიზიტი. კონსტიტუციური პრინციპია, რომ ამ შემთხვევაში, არ შეუძლია მას განახორციელოს რაიმე სახის უფლებამოსილება ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.