პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ იყო სწორი, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მისი მოსაზრებით, შეიძლება, სპეკულაციის მეტი საფუძველი მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ძალებს, რადიკალურ ოპოზიციას.
„თუმცა ერთია პრაგმატულობა, რამდენად სწორია ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორე ადამიანს პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, თუ მონაწილეობაში. ეს არის და ეს. მოტივაცია პრეზიდენტის გასაგებია, ისიც გასაგებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან ეს ახსნა. ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ ყოფილა. მისი თქმით, არ გამართულა არც კონსულტაციები ამ საკითხზე.
„პოლიტპატიმარი არც ერთია და არც მეორე. არ არიან საქართველოში პოლიტპატიმრები. ამ სიმართლეს ვერსად ვერ წაუვა ვერავინ. რამდენჯერაც არგუმენტების გარეშე არ უნდა ახსენოთ, პოლიტპატიმარი ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა აუცილებლად პოლიტპატიმარი იქნება და საზოგადოება ასე აღიქვამს. სიღრმეში არ შედიან ხოლმე და საერთოდ არ ლაპარაკობენ იმაზე, მაგალითად, გიგი უგულავა რატომ არის პოლიტპატიმარი და რაიმე უკანონობა იყო მის საქმეში თუ არა. შეიძლება, ახლა დაიწყონ ამ საუბრის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არავინ არ დაობს იმაზე, მან 48 მილიონი ამ შემთხვევაში მოიპარა, წაიღო და თავის პარტიულ მიზნებს მოახმარა თუ არა, უბრალოდ, ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია.
რადგან ახლა ასეთი მოცემულობაა ,რადგან პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ეს პრაგმატულობით ახსნა; იმით ახსნა, რომ ამით იარაღი გამოაცალა, სპეკულაციური იარაღი ოპოზიციას, რომ მათ ვერ შეძლონ პროცესების ჩიხში შეყვანა და მე საერთოდ არ მგონია, რომ ეს პროცესები იმგვარ ჩიხში შეგვიყვანდა, რომ ვერ მივიღებდით საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ეს მისი ახსნაა, გასაგებია. მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე არ მოვიქცეოდი ნამდვილად და მე ეს შეცდომა მგონია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. რეალურად, 48 მილიონის მოპარვას ეს არ ფარავს არ რეცხავს.
გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რომელსაც არჩევნებში შეფასება და მხარის დაჭერა ჰქვია, ამას იღებს ამომრჩეველი და ამას ცალკე ამომრჩეველი შეაფასებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.