მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი გვეუბნება, რომ არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და ამის გაგრძელებაა ყველა მისი განცხადება
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი გვეუბნება, რომ არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და ამის გაგრძელებაა ყველა მისი განცხადება

პრეზიდენტი გვეუბნება, რომ არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და, სამწუხაროდ, ამის გაგრძელებაა დანარჩენი ყველა მისი განცხადება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტიც და თითოეული მოქალაქეც უნდა ამბობდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ქალბატონმა სალომემ არ მიპასუხა არცერთ კითხვაზე, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან დავუსვი. როდესაც ის საუბრობს, რომ რიტორიკა დამაზიანებელია, აბა, ომი გინდათ, ასეთი პათოსი ხომ იყო მის განცხადებებში, მან არ უპასუხა არცერთ ჩემს შეკითხვას, დასკვნითი სიტყვაც არ გამოიყენა. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, ჩვენ რომ ჩავყოლოდით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების, სხვა ადამიანების მოწოდებებს, მოხალისეებით და სამხედროებით სავსე ორი თვითმფრინავი უკრაინაში გაგვეშვა, სანქციები დაგვეწესებინა, საქართველოში რომ ვიღაცებს ერჩივნათ ბომბების წვიმა იმ წვას, სანქციებზე უარმა რომ გამოიწვია მათში, ამ ყველაფერს რომ წავყოლოდით, ომის თავიდან აცილება როგორ უნდა მომხდარიყო ან რისკების გადაზღვევა, რომელიც ამ ქვეყანას არ გაანადგურებდა. რატომ არ მიპასუხა, იცით? ამაზე პასუხი არ არსებობს. ამაზე პასუხი არის ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომემ პარლამენტში ბრძანა? მან თქვა, რომ დღეს რეკომენდაციები სრულდება ფორმალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. მე არ მეგულება ადამიანი, რომც არ სრულდებოდეს, ასე ილაპარაკოს. როცა სრულდება და მაინც ასე ლაპარაკობს, ეს არ არის საქართველოსთვის კარგი, რბილად რომ ვთქვათ, დამაზიანებელი განცხადებაა, თუ იმასაც დაამატებთ, რომ არც წარსულში ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ, კიდევ უფრო დამაზიანებელია. თითოეული ჩვენგანი, იცით, რას უნდა ვაკეთებდეთ? პრეზიდენტიდან დაწყებული თითოეული მოქალაქით დასრულებული, რომც არ სრულდებოდეს, ერთად უნდა ვიყოთ შეკრულები, ვამბობდეთ, რომ საქართველო დღეს ამ მოცემულობით, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. აღარ ვლაპარაკობ საქართველოს პრეზიდენტზე, ოპოზიციაზე, ვიცით, მათი მიზნები და გეგმები უკრაინიზაციის, ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის და ა.შ. პრეზიდენტი გვეუბნება, რომ არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის დამაზიანებელი რიტორიკა და, სამწუხაროდ, ამის გაგრძელებაა დანარჩენი ყველა მისი განცხადება“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ არ გვინდა,  ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. პრეზიდენტის თქმით, რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას.