მამუკა მდინარაძე - პოლიტიკოსები კრიმინოლოგიის საწყისებთან დაკავშირებით სცოდავენ, როცა ზედმეტად ბევრს საუბრობენ
მამუკა მდინარაძე - პოლიტიკოსები კრიმინოლოგიის საწყისებთან დაკავშირებით სცოდავენ, როცა ზედმეტად ბევრს საუბრობენ

პოლიტიკოსები კრიმინოლოგიის საწყისებთან დაკავშირებით სცოდავენ, როცა ზედმეტად ბევრს საუბრობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საფუძველს, რომელსაც ოპოზიცია კრიმინალის გაზრდაზე საუბრისას ასახელებს, კრიმინოლოგიაში საერთოდ არ უშვებენ.

„თქვენ არასდროს გითქვამთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში გაუხსნელი მკვლელობა არ არის. მაგალითად, თქვენ არასდროს გითქვამთ იმის შესახებ არაფერი, რომ ყველა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკა განახევრებულია, ზოგ შემთხვევაში დაკლებულია და ამისი დინამიკა არის პოზიტიური. რა თქმა უნდა, ლატენტური დანაშაულები, იცით ალბათ, რასაც ნიშნავს, სადაც მიმართვიანობის გამო, შეიძლებოდა ყოფილიყო ზრდა, მაგალითად, ოჯახურ ძალადობაზე როდესაც არის საუბარი. აქ გაზრდა სტატისტიკაში იმას კი არ ნიშნავს, რომ აქამდე ოჯახში არავინ ძალადობდა და ახლა მოუნდა ძალადობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმართვიანობა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ახლა გაჩნდა ნდობა პოლიციის, სამართალდამცავების, სასამართლოს მიმართ ამ მიმართულებით და ოჯახში ძალადობის ფაქტები მეტი გამოვლინდება. ამაზე არასოდეს საუბრობთ და როდესაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სტატისტიკაში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება და ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიტანეთ, თბილისში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი მკვლელობა არ არის გაუხსნელი, ეს არის ისეთი პოზიტიური ამბავი, რომელზეც ხშირად უნდა ლაპარაკობდეს ობიექტური ტელევიზია თუ დამკვირვებელი. მსოფლიოში რამდენი დედაქალაქი წარმოგიდგენიათ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყოს არც ერთი გაუხსნელი მკვლელობა. ამას, სამწუხაროდ, ბევრი აიგნორებს და აქცენტს აკეთებთ ისეთ რაღაცაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძემ.