მამუკა მდინარაძე - პოლარიზაციის შემცირებაში გადამწყვეტი აქტორი „ნაცმოძრაობაა“, სხვებმა ვერ უზრუნველყვეს მისი შემცირება
მიშელის დოკუმენტის დეკლარირებული მიზანი იყო, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო, პოლარიზაციის შემცირებას თქვენ თუ უზრუნველყოფთ, მაშინ კიდევ ვილაპარაკოთ, მაგრამ ვერ უზრუნველყოფთ, რადგან არ ხართ აქტორები ამ საკითხში, – მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას.
მამუკა მდინარაძემ ხათუნა სამნიძისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ გადამწყვეტი „ნაცმოძრაობაა“.
„ქალბატონო ხათუნა, მხოლოდ ერთი წინადადება, რომლის მოსმენაც, როგორც ჩანს, ძალიან არ გინდათ, პოლარიზაციაში, მის გაღრმავებაში ან შემცირებაში თქვენ თუ ხართ აქტორები და თქვენ თუ შეგიძლიათ ამის უზრუნველყოფა, რომ შეამციროთ, მაშინ იყავით ამ შეთანხმების მხარე. მოდი, ხელახლა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ხომ ძალიან რიტორიკულია, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. აქტორი ამ შემთხვევაში და გადამწყვეტი არის „ნაცმოძრაობა“. ამიტომ ვლაპარაკობთ „ნაცმოძრაობაზე“. აქედან გამომდინარე, თქვენ ვერ უზრუნველყავით პოლარიზაციის შემცირება. ანუ მიზანს ამ ხელშეკრულებამ ვერ მიაღწია.
ამიტომ არის მარტივად ხელშეკრულება ანულირებული. მაგრამ სასამართლო რეფორმა იყო, წინასწარ რადგან გავაკეთეთ რაღაცები, თქვენ იყავით მათ შორის, იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ეს არ ჩაგვითვალეს. არ გაგიკეთებიათო და ეს გამოიყენეს. მსგავსი საკითხები შემიძლია, უამრავი მოგიყვეთ, რა გამოიყენეთ ძალიან ცუდად. წინასწარ გაკეთებული და ბოლო აკორდი რომ იყო მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ, ეს გამოიყენეს ვიღაცებმა და მათ შორის, თქვენ. აქ უკვე აქტორები ხართ, რომ ეს არ იყო თურმე შესრულებული. ასეთი ცუდი და ამორალური სპეკულაციები იყო მათ შორის, ოღონდ და არა ერთადერთი, იმ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რა გადაწყვეტილებაც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე.