მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ამნისტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ამნისტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ამნისტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მდინარაძის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის წესს, რომელზეც დღეს ოპოზიციასთან მსჯელობა გაიმართა, მსოფილოში ანალოგი არ აქვს.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, მმართველი გუნდი გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდა მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, თუმცა დოკუმენტის ანულირების შემდეგ ამის არანაირი ვალდებულება აღარ აქვთ და ფიქრობენ, რომ ეს საკითხი თანამედროვე, მსოფლიო სტანდარდატის შესაბამისად გადაწყვიტონ.

„ყოველი პლენარული სხდომის წინ ტრადიციულად იმართება უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომა. ხვალ რამდენიმე მნიშვნელოვანი კენჭისყრაა. აქედან გამოვყოფდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაზეც დღეს დილითაც ვიმსჯელეთ ოპოზიციასთან. ჩვენ არ ვეხებით არც ერთ სხვა საკითხს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველივე ვერსიაში იყო გათვალისწინებული და რაზეც შეთანხმება იყო, გარდა ერთისა. ხვალ ჩვენ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელსაც პრაქტიკულად დასავლურ, ცივილურ სამყაროში, მსოფილოში ანალოგი და პრეცედენტი არ გააჩნია.

ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე მივდიოდით მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს დოკუმენტი ანულირებულია და ამის აღარანაირი ვალდებულება აღარ გაგვაჩნია, ვფიქრობთ, გადავწყვიტოთ ეს საკითხი თანამედროვე, მსოფლიო, ცივილიზებული სტანდარდატის შესაბამისად. ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იქცევიან და ჩავწეროთ კონსტიტუციაში ისეთივე ჩანაწერი, უფრო სწორად დავტოვოთ ისეთივე ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესთან არის დაკავშირებული. მათ შორის სხვა ქვეყნებშიც, რომელთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს.

ცესკო-ს თავმჯდომარე ან წევრი რა წესითაც უნდა აგვერჩია, ასეთივე დათქმა იწერებოდა პროკურორთან დაკავშირებით, რაც არ არის არც პრაქტიკული და არც რაიმე იურიდიული ლოგიკიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისე დარჩება როგორც არის. სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით კენჭისყრა იქნება და ისე დავუჭერთ მხარს, როგორც ეს პირველივე ვერსიაში იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის საკითხს ხვალინდელი მოსმენის დროს ცვლილება არ შეეხება.

„ბარიერის 2%-მდე დაწევაზე დღესაც იყო მსჯელობა. უდიდესი ალბათობით ხვალ ჩვენ ამ საკითს საბოლოო ჯამში კენჭისყრის დროს არ შევეხებით, ანუ 2%-იანი ბარიერი დარჩება ამ მოსმენის დროს. ფრაქციების დაკომპლექტების წესზეც რა შეთანხმებაც შედგა, არ ვეხებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ამნისტიის საკითხებზეც იმსჯელეს.

„ჩვენ დღის წესრიგში გათვალისწინებული გვქონდა ამნისტიის საკითხებიც და უმრავლესობის სხდომაზე ამაზეც ვიმსჯელეთ, რადგან ეს იყო პრემიერ-მინისტრის დიდი ხნის წინანდელი დაპირება კოვიდ ჯარიმების ამნისტირებასათან დაკავშირებით, ოღონდ ეს არ შეეხება მომავალ ურთიერთობებს. ამ მიმართულებით ჩვენ ოქროს ბალანსი გვაქვს დასაცავი.

ასევე ვიმსჯელეთ იმ ამნისტიაზე, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ამას შეთანხმება არ სჭირდება. ჩვენ ამ ურთიერთობაზე მივყვებით. ჰაერიდან მოტანილ პრინციპს რომ იგონებდნენ და ამბობდნენ, პრაქტიკულად თანმხმობაა წინააღმდეგობის არგაწევაო, აქ მათ პრინციპზე და დაკრულზე ვერავინ ივლის. ამნისტია მის ობიექტს რომ შეეხოს, საჭიროა, სულ მცირე, არ დაააფიქსიროს წინააღმდეგობა ამნისტიის გამოყენების მიმართ. ამ შემთხვევაში შეეხება ამნისტია ყველას, ვიზეც იყო საუბარი ამნისტიის პირობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.