მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე მაჟორიტარებსა და პარტიის ლიდერებს შორის შეთანხმება შედგება, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე მაჟორიტარებსა და პარტიის ლიდერებს შორის შეთანხმება შედგება, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ე.წ. ამერიკულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარ დეპუტატებსა და პარტიის ლიდერებს შორის შეთანხმება შედგება, თუმცა დასაზუსტებელია ტექნიკური დეტალები.

„უმრავლესობის სხდომაზე სამ თემაზე ვილაპარაკეთ. პირველი თემა ეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ, ე.წ. ამერიკულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ, რადგან ყველამ ორი-სამი დღე ავიღეთ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ. უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება, რადგან პრინციპული თანხმობაა ჩვენს პოზიციებს შორის და პოზიციები დავაახლოვეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ. საუბარია იმაზე, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, და ა.შ. სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებენ. ეს შეთანხმება იქნება ამის საფუძველი. შეთანხმება შედგება, შეთანხმება პრინციპის დონეზე შედგა, დეტალებია დასაზუსტებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.

11 მაჟორიტარი დეპუტატი სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ითხოვს. მათ უკვე მოამზადეს საკონსტიტუციო ცვლილებები და პროექტის ინიცირების მიზნით, გასულ კვირას ბიუროს სხდომაზე, საინიციატივო ჯგუფიც დარეგისტრირდა. დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებდნენ, რომ ხალხსი გასვლას და 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდეს.

დატოვე კომენტარი