მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა სხდომის გადადება, ჩემი აზრით, სავსებით სწორად
მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა სხდომის გადადება, ჩემი აზრით, სავსებით სწორად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატების შუამდგომლობის საფუძველზე სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სხდომის გადადების შესახებ გამოაცხადა.

მამუკა მდინარაძემ დაასახელა მიზეზები, რის გამოც მიიჩნევს, რომ სხდომის გადადება აუცილებელი იყო.

„ოპოზიციის წარმომადგენლები თავად ამბობდნენ, რომ ისინი მოსულები არ იყვნენ კითხვების დასასმელად და პასუხების მოსასმენად, ეს ხომ მოვისმინეთ. მეორეც, ძალიან საშიში პრეცედენტია, მიჯნა და ზღვარი თუ არ გაივლო პოლიტიკურ აქტივობასა და ჟურნალისტურ საქმიანობას შორის, ეს დამღუპველი პრეცედენტი იქნება. მაგალითად, ხვალ რომ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტობა მოინდომოს და მიკროფონით ხელში მომადგეს, მასაც უნდა გავცე პასუხები? თუ დაანებებს თავს პოლიტიკოსობას და ჟურნალისტი გახდება, მაშინ მას, გიგა ბოკერიასაც უნდა გავცე პასუხები, მაგრამ თუ ის პოლიტიკაში რჩება, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს, ხოლო ამავდროულად, ჟურნალისტური საქმიანობით არის დაკავებული, ასეთი ადამიანი ჟურნალისტი არ არის. შესაბამისად, ვიდრე რომელიღაც მედიასაშუალების წარმომადგენელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, ბოდიში ჟარგონისთვის, ვერ „გაქაჩეს“, წლების განმავლობაში იწვალეს და ვერ შეძლეს, რადგან სიმართლე მათ მხარეს არასდროს იყო და მოუწიათ ჟურნალისტების ბრძოლის წინა ხაზზე გამოყვანა, კიდებენ ბანერებს, პოლიტიკური აქტივობებით არიან დაკავებული და ითხოვენ პრემიერის გადადგომას, ამ პირობებში სხდომის გაგრძელება დაუშვებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.