მამუკა მდინარაძე - ოქმს თუ გამოაჩენს ვინმე, ამ ოქმის შესწორების ოქმიც დევს ცესკო-ს საიტზე და ყალბ ინფორმაციას თუ ვინმე გაავრცელებს, გვექნება მყისიერი რეაგირება
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიას წარუდგინა რამდენიმე საარჩევნო ოქმი, რომელშიც მმართველმა პარტიამ უზუსტობები აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს ოქმები შემდგომ შესწორდა.
„ხელთ გვაქვს ოქმი, სადაც გიორგი ვაშაძეს ეწერა შვიდი ხმა, ხოლო კახა კახიშვილს რვა ხმა. ვაშაძეს თუ შეუძლია ეჭვი გამოთქვას, ასეთივე ეჭვს გამოვთქვამთ ჩვენ – რა თქმა უნდა ბრჭყალებში, რომ ვიღაცამ განზრახ გააყალბა მონაცემები. მაგრამ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან იქნა აღმოჩენილი უზუსტობა და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი არის არაერთი. ამის შემდეგ შესწორდა. შესწორების ოქმი საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ყველა წინა არჩევნებში იყო. ნაცვლად შვიდისა გიორგი ვაშაძის გრაფის გასწვრივ ჩაიწერა 87 და კახიშვილის გრაფის გასწვრივ მიღებული იყო 448 ხმა. ანუ წარმოიდგინეთ, 440 ხმას „პარავდა“ ვიღაც ბრჭყალებში თუ მის გარეშე; 80 ხმას გიორგი ვაშაძეს – ჩასწორდა ორივე მათგანი და შესაბამისად, ბალანსი გასწორდა. ჩვენ რომ ვიყოთ დღეს ოპოზიციაში, თუ ვიკადრებდით და ამ ოქმს, რომელიც ხელში მიჭირავს, ავაფრიალებდით, რომ ვიღაცამ გაგვიყალბა და არ გამოვაჩენდით შესწორების ოქმს, ვიღაცას ეჭვი შეეპარებოდა, რომ აქ რაღაცაშია მართლა საქმე და ეს არ არის ტექნიკური შეცდომა. მაგრამ ეს აღმოჩენილია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ და შესწორების ოქმი გაკეთდა ყველაფერი, მათ შორის ე.წ ბალანსი, რომელზეც ასეთი სპეკულირება მიდის, გასწორდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ასეთივე ოქმები არის რამდენიმე.
„ბევრს აღარ შევჩერდები, სადაც მაგალითად დავით სერგეენკოს აქვს არც ერთი ხმა და იანა კამოზას, რომელიც არის N30, აქვს 332 ხმა. ამ შემთხვევაშიც, დაზუსტების, შესწორების ოქმით გასწორდა, 332 ხმა უნდა ყოფილიყო სერგეენკოს გრაფის გასწვრივ და შესწორების ოქმით აღმოიფხვრა. ჩვენ რომ ოპოზიციაში ვიყოთ და გვეკადრებინა, შეგვეძლო გვეთქვა, რომ იანა კამოზამ მოგვპარა ხმები. ასეთივე შეცდომებია კიდევ ერთ ოქმში, სადაც ხუთ სხვადასხვა გრაფაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და აქაც, მას შემდეგ, რაც ეჭვი შეეპარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს კომისიაში, ამასაც ახლავს შესწორების ოქმი. ასეთი ოქმები არის ათეულობით და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ოქმების ძალიან დიდი ნაწილი, პროცენტულად არის „ქართული ოცნების“ კანდიდატების ან პარტია „ქართული ოცნების“ საზიანოდ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ვიღაცამ მართლაც რომ იკადროს ოქმში არასწორი ინფორმაციის განზრახ შეტანა, ამას თავის საზიანოდ არავინ გააკეთებს.
„ეს არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომებს. ოღონდ, ეს არ არის პირველი არჩევნები, სადაც ასეთი შეცდომები კომისიის წევრებს მრავლად მოსდით. ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ეს მოხდა წინა არჩევნებზე, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე უამრავი, ასეულობით შესწორების ოქმია, მათ შორის წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე და მაშინ ამას არავინ აპროტესტებდა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა. როდესაც მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცედურა, პრაქტიკულად საჩივრები არ შედიოდა საოლქო კომისიებზე, უბნებზე და ამის შესახებ ცესკო-შიც გაკეთდა დღეს და გუშინ განცხადებები. საჩივრების მასობრივი წერა დაიწყეს მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა წინასწარი მონაცემების შესახებ და იმ თემით სპეკულირება, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ პრაქტიკას და ასეთი ასობით მაგალითი არსებობს წინა არჩევნების შემთხვევაში, ამ ოქმებზე სპეკულირება და მანიპულირება სპეციალურად შესწორების ოქმის გამოქვეყნების გარეშე დაიწყეს მხოლოდ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ვაწყდებით უამრავ არასწორ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ჩვენი ოპონენტების და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. სიმართლე ვერ დაიკარგება და ყველას მოვუწოდებ, სიმართლისთვის ყველამ გადადგას თითო ნაბიჯი. თუ ოქმს გამოაჩენს ვინმე, იმ ოქმის შესწორების ოქმიც იქვე დევს, ატვირთულია ცესკო-ს საიტზე და ყალბ ინფორმაციას თუ ვინმე გაავრცელებს, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება. ხოლო თუ რომელიმე ოქმი არის განზრახ არასწორად შევსებული, ამასთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი პროცედურები და შეუძლიათ ამ საკითხში ნებისმიერ მათგანს თავის გვერდით გვიგულოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.