მამუკა მდინარაძე - ოპოზიციონერები ვერ რიგდებიან ერთმანეთში, ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დღემდე ელოდებიან ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ წინადადებას არჩევნებთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერები ვერ რიგდებიან ერთმანეთში, ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს.
„ჩვენ დღემდე ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებას, რასაც ასევე ელოდებიან აშშ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ისინიც მოუწოდებენ, ჩვენს ოპონენტებს დიალოგის მაგიდაზე დაბრუნებისკენ, თუმცა მათ, როგორც ჩანს, ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული. ვერ რიგდებიან ერთმანეთში და ვერ ლაგდებიან, ავითარებენ რევოლუციურ სცენარს. გარეთ როცა მართავენ აქციებს, სადაც თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თავებს ითვლის ვიღაც და მართლაც ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ ილუზიის შექმნა, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს.
საზოგადოება პასუხს მოსთხოვს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას თითოეულ მის გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯზე. დაველოდოთ არჩევნებს, სადაც, თუ ძალაში დარჩა 73/77, უდიდესი ალბათობით მიიღებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.