მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, არამედ გასულია მომსახურების ზონიდან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, არამედ გასულია მომსახურების ზონიდან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ

ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, არამედ გასულია მომსახურების ზონიდან, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, გუშინ მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებულიყვნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ კილომეტრიანი დიამეტრის შემოსაზღვრა თითოეული უბნის. რამდენად რაციონალურია და როგორ შეიძლება, სერიოზულად ილაპარაკოს ვინმემ ამაზე, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომელთაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ, სად შევიდნენ.

ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის რაღაცას განსხვავებულს არ ვწერთ კანონმდებლობაში. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის. დაფინანსებასთან დაკავშირებით სიახლეებია, სარეკლამო დროის განთავსებასთან დაკავშირებით სიახლეებია, ბოლო ორი თვის განმავლობაში სოციალურ უწყებებს, მთავრობის წარმომადგენლებს ეკრძალებათ, რომ განათავსონ საკუთარი რეკლამა, რაც უნდა პოზიტიური აჯენდა დადონ, მაგრამ ჩვენ მოგვიწოდებენ რაღაცებს გარედან და გარედან მოწოდება და კომიტეტზე არშესვლა ნიშნავს ერთ რამეს, იმას, რომ მათ ეს სჭირდებათ მხოლოდ სპეკულაციისთვის, მხოლოდ რაღაც განწყობების შეცვლისთვის და საქმე არ აინტერესებთ; არ აინტერესებდათ კონსტიტუცია და არ შემოვიდნენ, მხარი არ დაუჭირეს და პიარული თავხედობა აქაც გამოამჟღავნეს; თქვეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმა არ მივეცითო. წარმოიდგინეთ, რა შეხედულება აქვთ მათ ქართულ საზოგადოებაზე, რომ უნდათ, ვიღაცას, ერთ მოქალაქესაც კი დააჯერონ, მე მხარს ვუჭერდი, მაგრამ ხმა არ მივეციო. აი, ამის დაჯერებას ცდილობენ და არიან მედიასაშუალებები, რომლებიც ამაში ხელს უწყობენ, კრიმინალური ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერენ კონკრეტული მედისაშუალებები ამ აზრის გავრცელებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.