მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ჩვენმა გადაწყვეტილებამ პანიკაში ჩააგდო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ პანიკაში ჩააგდო.
მდინარაძის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი პარტია იყოს წარმოდგენილი.
„დღეს ნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაშია და ჩვენმა გადაწყვეტილებამ აგონიაში ჩააგდო, რომლის მიხედვითაც, იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც იქნება ღირსეული და რეიტინგული კანდიდატი და ამავდროულად, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე ფრთის წარმომადგენელი, ჩვენ მას კონკურენტ კანდიდატს არ დავუყენებთ.
ამით მეტად უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კონკრეტულ ადგილებზე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები გვეყოლებიან პარლამენტში. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი პარტია იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. „არ დავაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.