„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას არჩევნებთან და საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით სპეკულაციებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ოქმების თემა ძალიან აქტუალურია, მათ შორის სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში.
„პუნქტობრივად მოვყვები, რომ საზოგადოებისათვის უფრო ნათლად და მკაფიოდ გასაგები იყოს ყველა დეტალის შესახებ. პირველ რიგში, შევეხები სპეცუბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში, რომლებიც პანდემიის გამო შეიქმნა, პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ოქმებში ინფიცირებული ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილი ემთხვევა, რომელიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილი, სადაც ხმას აძლევენ.
ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიებს აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარ კანდიდატებს კი, ხმას მხოლოდ იმ ოლქში მცხოვრები იზოლირებული პირი აძლევდა. ანუ, თუ დაემთხვეოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. ამიტომ, მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობაა დაფიქსირებული ე.წ. სპეცუბანზე. მგონი, ეს საკითხი მარტივად გასაგებია.
მეორე – სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომელიც ხაზგასმით ვაცხადებთ, არის ტექნიკური და არავითარ უპირატესობას არ აძლევს მმართველ პარტიას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში გადამოწმებადია და პრობლემა არ არის ამ მიმართულებით არავის მხრიდან, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ.
ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულნი და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული წევრი კომისიისა. აქვე შეგახსენებთ, რომ არაერთ ჩვენზე დიდი რესურსის მქონე ქვეყანაში, საერთოდ ვერ შეძლეს ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზაცია და ჩვენ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური პრობლემებით, მაგრამ ეს მაინც შევძელით და ამ მიმართულებითაც არჩევნები ჩატარდა სრულყოფილად.
მესამე პუნქტი – საქართველოში დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე, ხაზგასმით ვამბობ, ყველა არჩევნებზე დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმები ყოველთვის გვხვდებოდა და ყოველთვის იყო ასეთი პრაქტიკა, სტანდარტულ უბნებზე მათ შორის. ყველა ასეთ შემთხვევას, როგორც დღეს, ისე წარსულში ანალოგიურად მიჰყვებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, იკვლევდა და საჭიროების შემთხვევაში ეს ოქმები სწორდებოდა ხოლმე. მათ შორის, რომელიც თან ახლავს ტექნიკური შესწორების ოქმი, შესწორების ოქმი ზოგადად და ა.შ, რაც არის დამკვიდრებული პრაქტიკა. უბრალოდ, ამაზე არც სხვა არჩევნებზე და არც წინა არცერთ შემთხვევაში, მოკლედ რომ ვთქვა, არავინ ამახვილებდა ყურადღებას, რადგან ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკა და შესწორების ოქმი იყო ასეულობით ოქმთან დაკავშირებით. ყველა წინა არჩევნებზე, ამას ვამბობ ხაზგასმით.
მეოთხე, აქვე აღვნიშნავთ, რომ ხარვეზიან ოქმებში ძალიან ხშირად გვხდება შემთხვევები, სადაც არა სხვა პარტიას, არამედ სწორედ მმართველ პარტიას აქვს დაკლებული ხმები.
ბუნებრივია გაყალბება თუ ვინმეს უნდა პირობითად, ეს რა თქმა უნდა ისედაც, თვითონ ამ პროცესში თავს არ დაიზიანებს და შეგიძლიათ, ჩვენ ვაჩვენოთ საზოგადოებას გუშინ უკვე გავაკეთეთ ეს – არის არა ერთი ოქმი, სადაც მმართველ პარტიას აქვს რამდენიმე ასეული ხმა დაკარგული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„თვალსაჩინოებისთვის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაგალითად, დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ფლანგის მიერ გამოქვეყნებული სამგორის ოქმი, სადაც რამდენიმე ათეული ხმა ჰქონდა რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს დაკლებული ერთ და მეორე ოქმშიც, პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც ჩვენს კანდიდატს, ჩვენს შემთხვევაშიც ჰქონდა ორასი ხმა დაკლებული და პარტიასაც იმავე ოქმში, შეგიძლიათ ნახოთ, ჰქონდა გამოქვეყნებული ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში. ორასი ხმა ჰქონდა პროპორციულ ნაწილშიც დაკლებული. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ცესკო-ს საიტზეა ატვირთული და ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ, ნახოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება სპეკულაციას ოქმებში დისბალანსზე, ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რომელიც დეტალურად არის განსამარტი:
„მსგავსი ხარვეზები უნდა დაიყოს ორ ნაწილად – უბნები, სადაც საჩივარია შესული, რომ ბიულეტენში გაცილებით მეტია ხელმოწერები ვიდრე ბიულეტენებია, ბუნებრივია სანახავი და შესასწავლია ასეთი ოქმები. რომ დავაზუსტოთ და არ შეგვეშალოს – არის უბნები, სადაც ფიქსირდება ხელმოწერაზე მეტი ბიულეტენი. ამ შემთხვევაში, თუ ეს არის დიდი რაოდენობა, ეს პრობლემას წარმოადგენს და დეტალურად არის თითოეული მათგანი შესასწავლი. ასეთ შემთხვევაში, გასარკვევია რაიმე სახის შეგნებულ დარღვევას აქვს ადგილი, ხელმოწერა გამორჩა ვინმეს თუ ვინმემ შეგნებულად არ მოაწერინა ხელი – ეს მეორე პრობლემაა, რაც ასევე შესასწავლია ბუნებრივია. რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს ბიულეტენების დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს და ეს პრაქტიკა არც არასდროს ითვლებოდა პრობლემად, რადგან შეუძლებელია იმის გაკონტროლება, რომ მაგალითად ორიდან ერთი ბიულეტენი ვთქვათ შეიძლება გაიტანოს უბნიდან ვინმემ, კონვერტში მეორე ბიულეტენი მოათავსოს და ისე ჩააგდოს კონვერტი ყუთში და ა.შ. მათ შორის, ეს შეიძლება და ამასაც შემთხვევით არ ვამბობთ, სპეციალურადაც გაკეთდეს რომელიმე პარტიის დავალებით, შემდგომში ასეთი სპეკულაციების წარმოსაჩენად და წამოსაწყებად როგორსაც დღეს ვაწყდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.