მამუკა მდინარაძე - ოპონენტებისგან გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ მიგვიღია, რატომ არის რუსული ან ცუდი, ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს,  საზოგადოებას
მამუკა მდინარაძე - ოპონენტებისგან გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არ მიგვიღია, რატომ არის რუსული ან ცუდი, ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს, საზოგადოებას

შევეცადე, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან ვერცერთი რეალური არგუმენტი ვერ მოისმინა.

„მთელი დღის საერთო ამბავი არის ის, რომ არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე, რა არის რუსული ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია. ყველა ლაპარაკობდა ზოგადად, პარტნიორები გეუბნებიანო. უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალური არგუმენტისა, რატომ არის კანონი ცუდი, არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. შევეცადე, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და საზოგადოებისათვის სრული ინფორმაცია მიმეწოდებინა. ვნახეთ დაგეგმილი, შეკვეთილი პროვოკაციაც, ქურდული მიპარვაც და რაღაც ხელების ქნევა. ეს სიბინძურეები ვიხილეთ, მაგრამ მთავარია, მაქსიმალურად შევეცადეთ, ამბავი გაეგო საზოგადოებას, რომელიც რეალურად იყო დაინტერესებული, ეს კანონი მართლაც რუსული ხომ არ არის.

მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ჩვენს ოპონენტს, „ენჯეოს“ ყველა წარმომადგენელს ვეხვეწებოდი, ერთი არგუმენტი ეთქვათ, რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ქარდების დონეზეც ჩავედით და აბსოლუტურად ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე, არცერთ მათგანზე საპირისპირო არგუმენტი არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს, საზოგადოებას და ცდილობენ, საზოგადოების მღელვარება გამოიყენონ ხელოვნურად, რეალურად, საუკუნის აფერით, რა საუკუნის აფერასაც შარშანაც და წელსაც ჰქვია – „რუსული კანონი“. სინამდვილეში, ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მათი ბრძოლა შავი ფულისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობდა.