მამუკა მდინარაძე - ოკუპაცია, მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები არის ის, რაც საქართველოს დღეს ყველაზე მეტად აწუხებს და რასთან გამკლავებაც სუს-ს ევალება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და პროვოკაციის საფრთხეები არის ის, რაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად აწუხებს.
მდინარაძის თქმით, სუს-ის მოვალეობაა, მათ შორის, აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება.
„ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები, გარე ჩარევები და გარე ჩარევებიდან გამომდინარე პროვოკაციის საფრთხეები ქვეყნის შიგნით – ეს არის ორი მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად და რასთან გამკლავებაც, მათ შორის, ქვეყანას, ქვეყანასთან ერთად, იმ სამსახურს ევალება, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამავალა საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოკუპაცია არის დასაძლევი და უსაფრთოხების სამსახურს ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის 20%-მდე არის ოკუპირებული. აქ არის უდიდესი გამოწვევები. იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, თუ საბოლოოდ დაიძვრება ის ყინული, რომელიც ნელ-ნელა უნდა დაიძრას, იძრება კიდეც და მივა ქვეყნის გამთლიანებამდე, ბუნებრივია, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ოკუპაციის შედეგებთან ბრძოლა, რაც მიმდინარე საკითხებია, ესეც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება,- აღნიშნა მდინარაძემ.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დღეს დაამტკიცა.