მამუკა მდინარაძე - „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი
მამუკა მდინარაძე - „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი

„ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი. დღეს ჩვენ ვხედავთ მათი „გათეთრების“, მათი „გაპრავების“ მცდელობას და დაკომპლექსებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცებზე“ არ ვილაპარაკოთ. ამას ნურავინ შეეცდება, რადგან ეს ხალხი აკონტროლებს მედიასივრცეში საკმაოდ სერიოზულ ნაწილს, თავის დროზე მოპარული და ნაძარცვი ფულებით აფინანსებენ იმ ტყუილებს და „ფეიკებს“ და ბინძურ კამპანიას რასაც ვხედავთ ყოველდღიურობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მოსვლა „ვერ მობედა ბოიკოტირების მომიზეზებით, ისინი კურდღლებივით დაიმალნენ“.

მამუკა მდინარაძე დარბაზში მსხდომი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ზიზღის და სიძულვილის ენით საუბარი და რომ ადამიანების საკეთილდღეოდ განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე უნდა ისაუბრონ.

„კახა კალაძიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დეტალურად ლაპარაკობდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს მმართველი გუნდი. ისინი შედიოდნენ ყველა დეტალში, ვინმე გამოხვედით და თქვით, რომ ეს კამპანია მომწონს, ეს პოლიტიკა მომწონს, ეს პროექტი არ ვარგოდა, ეს კარგი იყო, ამას ასე ნუ გავაკეთებთ?! პროგრამა დეტალურად წარმოადგინა ყველა კანდიდატმა თავის რაიონში იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ. რომელიმე თქვენგანი შეეკამათეთ რომელიმეს?! და ეს როგორაა, რომ ცალმხრივად უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აკისრია?! მეორე მხრიდან ვიღაცამ დედა უნდა გაგინოს და როგორც კი შენ პასუხს გასცემ, უტიფრობააო, ძალადობა და ზიზღის ენააო გიპასუხებენ. ე.ი. მათ უნდა გაგინონ, ზიზღის და სიძულვილის ენით გესაუბრონ, დაგაბრალონ ათასგვარი სიბინძურე და როგორც კი პასუხს გასცემ და უტიფრობას დაარქმევ, შენი სიმართლე და პასუხი ეგრევე არის ზიზღის ენა და კამპანიაა. აღმოჩნდა რომ 3%-ით მეტი აიღეს მიხეილ სააკაშვილის გამო, უბრალოდ „მიშისტები“ აღმოჩნდნენ. დღეს მოხდა ყველას ლუსტრაცია, საუბარია ლიდერებზე და არ ვისაუბროთ ამაზე?! რეალურად, ამ ქვეყნის საფრთხეზე და საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! და სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილს და ბოროტებას?! ეს ამბავი არ გამოვა, ვერ დაგვაკომპლექსებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი