მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ გულწრფელობა, რომ ბოიკოტის მოხსნა უკავშირდება ევრორეკომენდაციების შესრულებას, ყალბია, მათი გეგმაა სტატუსის ვერმიღება
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ გულწრფელობა, რომ ბოიკოტის მოხსნა უკავშირდება ევრორეკომენდაციების შესრულებას, ყალბია, მათი გეგმაა სტატუსის ვერმიღება

ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანია ვენეციის კომისიისა და ევრორეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ არის ნამდვილი და დამაჯერებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელობა, რომ საპარლამენტო ბოიკოტის მოხსნა ევრორეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება.

„წარსულით თუ შევაფასებთ, მათი გულწრფელობა, ამ ბოიკოტის მოხსნა რომ უკავშირდება ევრორეკომენდაციების შესრულებას, არ არის დამაჯერებელი, არ არის ნამდვილი. ყალბია იქიდან გამომდინარე, რომ მათ, პრაქტიკულად, არცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მათ მხარი არ დაუჭერიათ ევრორეკომენდაციების შესრულებისათვის გადადგმული ნაბიჯებისათვის. მაშინ, როდესაც დარჩენილია მხოლოდ სამი რეკომენდაცია, აქედან ორზე დასკვნაა მოსული ვენეციის კომისიისგან და ახლა ჩვენ დეტალურად უნდა ჩავუსხდეთ, დისკუსიები გავმართოთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ვენეციის დასკვნასთან, შემდეგ პოლარიზაციის საკითხიც რაღაცნაირად გადავწყვიტოთ, მათ შეუძლიან, ასეთი რაღაც გააკეთონ: ერთადერთი რეკომენდაციაა მათზე დამოკიდებული, ჩვენ რომ ახლა შევძლოთ, თეორიაში, წარმოვიდგინოთ ყველაზე საოცნებო რამ, ვთქვათ, ამ უსარგებლო დისკუსიებს თავს ვანებებთ, ევროპის რეკომენდაციების შესრულებაზე გადავდივართ და დეპოლარიზაცია არის მიღწეული, ხომ წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ერთი წამით რომ ვიოცნებოთ ამ დათქმით, ამის შანსი ხომ აქვთ, ამის საშუალება ხომ აქვთ. მაგრამ მთავარი, იცით, რა არის? რომელს გჯერათ ახლა ობიექტურად, რომელს სჯერა, ვინც მოგვისმენს, რომ „ნაცმოძრაობის“ მიზანია ვენეციის კომისიისა და ევრორეკომენდაციების შესრულება და კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა კანდიდატის სტატუსის ვერმიღება.

„გეგმაა, ლაპარაკობენ, ეს არ არის წამოცდენა – მათი გეგმაა, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენონ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. მათი გულწრფელობა წარმოუდგენელია, რადგან მათი გეგმაა კანდიდატის სტატუსის არმიღება, ვერმიღება. ჩვენი გეგმაა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, რეკომენდაციების შესრულებით და ამას აუცილებლად შევძლებთ. თუკი ისევ პოლიტიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება საქართველოს მიმართ, ამასაც დაინახავს ქართული საზოგადოება და ვისი წვლილი იქნება ამაში, ამასაც კარგად ნახავენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.