მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და წარმოაჩინოს, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და წარმოაჩინოს, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი სტილია ძალადობა საზოგადოებრივ აზრზე და ტყუილი. ამ სერიიდან არის ეს ყველაფერიც.
ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია, ლამის ამ კონტექსტში აიყვანეს ეს ყველაფერი და მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ ნიკა მელია დღეს თავისუფალია, აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახე აქვს შეფარდებული.
იგივეა პრაქტიკულად დღეს, ცდილობენ, რომ რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღონ ერთი მომენტი და ეს გამოაჩინონ ისე, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ცალსახა ტყუილია ის, რომ ამ ჩანაწერის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთიდან შეიძლება რაღაც დასკვნები გამოიტანო, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, თითქოს ვიღაც ჩაგრავს ნიკა მელიას, ეს ასე ბუნებრივია არ არის.
საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა სხვა კადრებიც, თუმცა ცალკე აღებული არცერთი კადრით არ შეიძლება, რაიმე დასკვნის გამოტანა, მის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე მხოლოდ სასამართლო იმსჯელებს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ესეც მორიგი სპეკულაცია, მორიგი მანიპულაცია და მორიგი ძალადობაა საზოგადოებრივ აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. „კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში და ვიდეომასალაც გაავრცელეს.