მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულიც სისხლიანი აქვს და, სამწუხაროდ, მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვს, რაც უფრო სუსტდებიან, რისკები მით უფრო იზრდება
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულიც სისხლიანი აქვს და, სამწუხაროდ, მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვს, რაც უფრო სუსტდებიან, რისკები მით უფრო იზრდება

სისხლიანი წარსული არ აქვთ თუ რატომ არ იკადრებენ ამ ყველაფერს? წარსულიც სისხლიანი აქვთ, მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვთ, სამწუხაროდ, და ეს არ უნდა გავუტაროთ არცერთ შემთხვევაში, ცოტა სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში მათი ყველა გეგმა არის ჩამოშლილი.

„მკადრებლებიც არიან და მტკიცებულებებიც ამას გვეუბნება წარსულიდან, რომ ეს ადამიანები ყველაფრისთვის არიან მზად. რაც უფრო სუსტდებიან ისინი, ეს რისკები მით უფრო იზრდება. რომ ნახავენ, რომ სხვა შანსი არ აქვთ, არც არჩევნებით, არც სხვა ლეგიტიმური გზით, მერე იკადრებენ უკადრებელს, რადგან სხვა გამოსავალი მათ არ ესახებათ. ერთადერთ გამოსავალს ხედავენ სუბიექტურ, არასამართლიან გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სხვა შემთხვევაში მათი ყველა გეგმა არის ჩამოშლილი. სისხლიანი წარსული არ აქვთ თუ რატომ არ იკადრებენ ამ ყველაფერს? წარსულიც სისხლიანი აქვთ და მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვთ, სამწუხაროდ, და ეს არ უნდა გავუტაროთ არცერთ შემთხვევაში. სამი ჩანაწერის გარდა, გვაქვს სამი კონკრეტული ამბავი, როდესაც უკვე ქმედებაში, მოქმედებაში გადაიზარდა ეს შეთანხმება, მათი გეგმა, სამივე აღკვეთილი იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ქართველი სამართალდამცავების მიერ. ექვსი თუ შვიდი შეიარაღებული უკრაინელი შემოპარული იყო საქართველოში ამ მიზნისათვის და დაააკავეს, მაშინ უკრაინელების მოთხოვნით ეს ადამიანები გადაეცათ უკრაინის სახელმწიფოს. მაშინ ეს მაინდამაინც არ გაპიარებულა, იმიტომ, რომ ჩვენ მეგობრობას და მის პრინციპებს ვიცავდით. დღეს ვართ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ისინი საერთოდ აღარაფერს იცავენ. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ბატულინი, სააკაშვილის დაცვის წევრი და ორი მებრძოლი დაკავებულები იყვნენ მეორე ჯერზე, მაშინაც იმავე შეთქმულებაზე იყო საუბარი. ბუნებრივია, ეს გეგმა განხორციელდებოდა, რომ არ აღკვეთილიყო სამართალდამცავების მიერ. სამივე მათგანი იქნა დაკავებული, მაშინაც, გახსოვთ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია თემამ და პრეზიდენტმა შეიწყალა ბატულინი. მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემოპარული, ეს რა იყო? არ იყო შეთქმულება? მოგონიილი ამბავია? ანუ ეს სამი ამბავი მოგონილია? მოგვეჩვენა ქართულ საზოგადოებას თუ როგორაა საქმე? ერთ შემთხვევაში შეიარაღებული ადამიანები – უკრაინელები, მეორე შემთხვევაში – ბატულინი, რომელიც უკრაინულმა მხარემ ასევე მოითხოვა და პრეზიდენტმა შეიწყალა, მესამე – მიხეილ საკაშვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.